პანკისის სახალხო კრებამ ხელისუფლება ჰესის შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია

© photo : Peoples assembly of Pankisi / FBპანკისის სახალხო კრება
პანკისის სახალხო კრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობის მოსახლეობამ „სამართლიანი და დემოკრატიული პოლიტიკის“ გატარება მოითხოვა

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. პანკისის სახალხო კრებამ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მიმართა თხოვნით, ხეობაში ვითარების ხელახლა გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, პრობლემების მოგვარების ერთობლივი გზები გამონახონ და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

აშენდება თუ არა ჰესი პანკისში – მხარეთა პოზიციები >>

პანკისის ხეობა ქისტებით - ეთნიკური ჩეჩნებითაა დასახლებული. მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახალხო კრება, რომელშიც უხუცესები და ახალგაზრდობაა გაერთიანებული.

პანკისის ხეობაში ვითარება განსაკუთრებით 21 აპრილს დაიძაბა, როდესაც ხელისუფლებამ სოფელ ბირკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნისპირას ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტა. ამას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა, რაც არეულობაში გადაიზარდა. მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები და კეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, რომელთა უმეტესობა შსს-ს თანამშრომელი იყო.

„ვაცნობიერებთ, რომ 21 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეიძლება რისკები შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ვგრძნობთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვიღონოთ ყველაფერი, რათა აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედებების განმეორება პანკისის ხეობაში და პროცესების შემდგომი ესკალაცია“, - ნათქვამია პანკისის სახალხო კრების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაორმაგდება

ამასთანავე, კრების წევრები მნიშვნელოვანს უწოდებენ საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ვითარების დეესკალაციის მიზნით მიღებულ მყისიერ გადაწყვეტილებას ჰესის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. როგორც გახარიამ აღნიშნა, სამუშაოები განახლდება, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებთა 90% იქნება თანახმა.

„ჩვენი შეფასებით, ეს იყო გონიერი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული ქმედება და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ხეობაში მართლწესრიგის დასუსტების ნაბიჯი. ასევე, გვჯერა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას ხეობაში და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას“, - აღნიშნულია მიმართვაში.

პანკისის სახალხო კრებამ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, მათ შორის, შს მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მოუწოდა პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისკენ „შექმნილი სირთულეების დაძლევის და თანამშრობლობის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების და შეცდომების ორმხრივ თვითკრიტიკას დაეფუძნება“.

პოლიციის სპეცრაზმი პანკისის ხეობაში - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობის საიდუმლო – „საჯილდაო ქვა" ყველა ხელისუფლებისთვის

„ჩვენ ვითხოვთ ხეობაში სამართლიანი და დემოკრატიული პოლიტიკის გატარებას და გვესმის, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება შეუძლებელია ხელისუფლების და ადგილობრივი საზოგადოების თანამშრომლობის და დემოკრატიული კომუნიკაციის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პანკისის სახალხო კრებამ დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ კრიზისის დაძლევაში და პოზიტიური წვლილი შეიტანონ საკითხის თანამშრომლობის გზით მოგვარებაში.

იმის მიუხედავად, რომ ჰესი დაბალი, მხოლოდ 5,4 მეგავატი სიმძლავრისაა, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის დიდ ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ.

კომპანიებმა „ალაზანი ენერჯიმ“ და „ფერმა“, რომლებიც ჰესს აშენებენ, კატეგორიულად უარყვეს ეს საშიშროება.

როგორც „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა, მცირე სიმძლავრის ჰესის - „ხადორი 3“-ის მშენებლობა მხოლოდ იმიტომ განახლდა, რომ საკითხი მოსახლეობასთან იყო შეთანხმებული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მცირე ხნით.

რა არის პანკისის ხეობა?

პანკისის ხეობა თბილისიდან სამი საათის სავალზეა, მაგრამ ეს საკმაოდ განსხვავებული, თვითმყოფადი, შეიძლება ითქვას ჩაკეტილი სამყაროა თავისი ტრადიციებითა და მკაცრი დაუწერელი კანონებით. ხეობაში ქისტების 16 დასახლებული პუნქტია. სულ ხეობაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა პანკისის მოსახლეობას მიმართა

ბოლო წლებში სირიასა და ერაყში პანკისის ხეობის 30 მკვიდრი დაიღუპა. პანკისის ხეობის რამდენიმე მცხოვრები ტერორიზმის ბრალდებითაც დააკავეს.

პანკისის ხეობა მდინარე ალაზნის სათავეებში მდებარეობს, საქართველო-რუსეთის საზღვართან.

პირველად მსოფლიოს მასმედიაში პანკისის ხეობა 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა – ჩეჩნეთის მეორე ომის დროს პანკისში გადმოდიოდნენ დევნილები ჩეჩნეთიდან. მაშინ რუსეთი საქართველოს ადანაშაულებდა პანკისში ბოევიკებისა და მათი საწვრთნელი ბაზების მფარველობაში.

იმ დროიდან მოყოლებული რუსეთის სხვადასხვა მასმედიაში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია პანკისის ხეობაზე, როგორც ტერორისტების დერეფანზე. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწია ამ ინფორმაციის უარყოფა.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება პანკისში 2017 წლის ბოლოს. მაშინ სპეცრაზმის ოპერაციის შედეგად, რომელიც ცნობილი ტერორისტის აჰმედ ჩატაევის დახმარებაში ბრალდებულების დაკავების მიზნით ჩატარდა, დაიღუპა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ამ შემთხვევას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ახალგაზრდის ოჯახმა დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0