თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. პროგნოზების მიხედვით, საქართველოში 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება 22 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს, დღეისათვის კი დაახლოებით 13 მილიარდს შეადგენს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.
ელექტროენერგიის, კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურების თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამის გამო პანკისის ხეობაში არეულობებს ჰქონდა ადგილი. ვითარება პანკისის ხეობაში 21 აპრილს გამწვავდა, როდესაც მდინარე ალაზნის პირას ჰიდროელექტროსადგური „სამყურაწყალი 2"-ის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის, რომელსაც სამშენებლო სამუშაოებისა და პერსონალის უსაფრთხოება უნდა დაეცვა, შეტაკება მოხდა. მოსახლეობამ პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად დაშავდა 55 ადამიანი – 38 პოლიციელი და 17 ადგილობრივი მცხოვრები. საბოლოო ჯამში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ჰესის ბედს ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტს.
ჩიქოვანის თქმით, ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
„წარმოიდგინეთ, მოხმარების როგორი ზრდა გველოდება. ეს ზრდა რაღაცით ხომ უნდა დაკმაყოფილდეს? ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი. პირველი - ადგილობრივი რესურსების და ადგილობრივი გენერაციის განვითარება და, მეორე, რასაც ჩვენ არ მივესალმებით როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობაზე ზრუნავს, ეს არის იმპორტი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში მოხმარებულია 3,3 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია, გამომუშავებამ 2,9 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა, ხოლო იმპორტმა – 390 კილოვატ/საათი.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, იზრდება იმპორტიც. 2016 წლიდან 2018 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ადგილობრივი გამომუშავება 5%-ით გაიზარდა, იმპორტის ზრდამ კი 215% შეადგინა.
საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება
მლნ კვტ/სთ | 2016 | 2017 | 2018 | 2019(პროგნოზი) |
გამომუშავება | 11 573 | 11 531 | 12 148 | 12 708 |
მოხმარება | 12 435 | 12 815 | 13 197 | 14 832 |
იმპორტი | 479 | 1 497 | 1 508 | 2 820 |
ექსპორტი | 559 | 685 | 588 | 696 |
ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი გენერაცია გააჩნდეს და საკუთარი რესურსები გამოიყენოს. ერთ-ერთი მთავარი რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, არის მდინარეები, და საჭიროა მათი გამოყენება.