თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. გაიზარდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა უძველესი სამონასტრო კომპლექსის დავით-გარეჯის ახლოს ტერიტორიაზე, რომელიც საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, ამჟამად ტურისტებსა და მომლოცველებს გადაადგილების პრობლემა არა აქვთ, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა კვლავ გადაკეტონ 5 მაისს.
„ადრე სულ ორი (მესაზღვრე) იყო. ამდენი ჯერ არასდროს ყოფილა. ახლა დაახლოებით 18 კაცია", – განაცხადა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ტელეარხის ეთერში.
უძველესი სამონასტრო კომპლექსი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან რამდენიმე დღის წინ გადაადგილების ამკრძალავი ნიშნების დაყენება დაიწყეს.
ინფორმაცია დავით-გარეჯში არსებულ ვითარებაზე მასმედიაში მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის (ონიანი) ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. არქიმანდრიტმა ეს მოვლენები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა, რომ აუცილებელია საზღვრის სადავო მონაკვეთებზე რაც შეიძლება მალე შეთანხმება და დელიმიტაციის პროცესის დასრულება. ეს საკითხი მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს დასვა.
საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლები აზერბაიჯანელ კოლეგებს 25 აპრილს დაუკავშირდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეება უდაბნოს მონასტრისკენ გზა გახსნეს.
ხელოვნური დაძაბულობა: პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანთან საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე>>
აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრეს–მდივანმა ლეილა აბდულაევამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ზერბაიჯანი მზადაა, უახლოეს პერიოდში დაასრულოს აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვრის დემარკაცია.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.
დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება.
ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.