თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალების გემი HMS ECHO ბათუმის პორტში შევიდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შავი ზღვის აკვატორიაში გემის შესვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების დაცვას უკავშირდება.
ეკიპაჟის წევრები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი აჭარის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხი განიხილებოდა.
„დინამიურად ვითარდება ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის მიმართულებით“, - განაცხადა რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ.
ამასთან აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბრიტანული ინვესტიციები და ტურისტების რაოდენობა.
HMS ECHO - დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალების Echo-ს კლასის მრავალმიზნობრივი ჰიდროგრაფიული გემია, რომელიც 2002 წელს ააგეს. გემი განკუთვნილია კვლევითი და ჰიდროგრაფიული სამუშაოების ჩასატარებლად წყალქვეშა ნავების მოქმედებების და სადესანტო ოპერაციების უზრუნველსაყოფად. გემი 2018 წლის დეკემბერში წარგზავნილია შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველსაყოფად.
ნატოს ხომალდები ფოთის პორტში შევიდნენ >>
შავი ზღვის აკვატორიაში არაშავიზღვისპირა სამხედრო ხომალდების ყოფნის ვადებს 1936 წლის „მონტრეს საერთაშორისო კონვენცია" 21 დღით ზღუდავს.
რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს და ნატოს თანამშრომლობისა და თავისი საზღვრების მიმართულებით ამ ალიანსის გაფართოებისა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, აშშ-ის და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. მეტიც, აღნიშნული ხელს არ უწყობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას.