სომხითის მალიქის მიერ გაცემული შეთქმულება: ვინ როგორ ღალატობდა საქართველოს

CC0 / Pixabay / ისტორიული ანალები
ისტორიული ანალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადამწყვეტ მომენტში შეთქმულება სომეხმა მელიქმა გასცა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვრულად იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათალიკოსი.

ვანო სულორი

სპარსეთის შაჰის, აბას პირველის მემკვიდრე სეფი პირველმა უარი თქვა ჩვენი ქვეყნის  სრული განადგურების არარეალურ გეგმაზე და „რბილი“ პოლიტიკის გატარებით შეეცადა დაუმორჩილებელი ქართლ-კახეთის  დაწყნარებას. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა ქართლში მმართველად გამუსლიმებული ქართველის გამოგზავნა.

1632 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე მაჰმადიანი მმართველი ავიდა — ხოსრო მირზა, იგივე როსტომ ხანი, ქაიხოსრო ბატონიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ქაიხოსრო, დავით XI-ის (დაუდ-ხანის) უკანონო შვილი, ისპაჰანში დაიბადა, მან კარგად იცოდა ქართული ენა და კარგად ერკვეოდა საქართველოს საქმეებში.

როსტომმა, საკუთარი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, პირველ რიგში ქართლის ციხეები გაამაგრა. მათ შორის, გორის ციხეც, რომელშიც ყიზილბაშთა დიდი გარნიზონი ჩააყენა და ციხისთავად ნურის მინბაში მესხი მუსლიმ ბეგი დანიშნა. 

გოგირდის აბანოები თბილისში - Sputnik საქართველო
როგორ იქცა ყველასგან მივიწყებული ქაიხოსრო ქართლის გვირგვინოსან როსტომ ხანად

გარდა გორისა, როსტომ ხანმა თბილისსა და სურამშიც ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა. ხოლო თავის მოხელეებად ირანიდან ჩამოყოლილი, გადაგვარებული ქართველი თავად - აზნაურები დანიშნა, რომლებიც მამულებითაც დაასაჩუქრა.

გამაჰმადიანებულმა ქართველმა მმართველმა ჩამოსვლისთანავე ცოლად შეირთო სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის და მარიამი. დედოფალი საკმაოდ საინტერესო კულტურულ საქმიანობას უძღვებოდა. სწორედ მისი ინიციატივით შეაკეთეს და განადგურებას გადაარჩინეს სვეტიცხოველი. სწორედ ამიტომ დაიხატა მარიამ დედოფლის ფრესკა სვეტიცხოველში, სადაც ის საკუთარ ვაჟთან, ოტია გურიელთან ერთადაა გამოსახული.

როსტომ-ხანი ხელს არ უშლიდა მეუღლეს ქართული საქმეების კეთებაში. ისე ჩანდა, თითქოს მეუღლის თანამოაზრე იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. რეალურად როსტომი წარმატებით აკეთებდა იმას, რისთვისაც იყო ისფაჰანიდან საქართველოში მოვლენილი. როგორც სამეფო კარზე, ისე მაღალ ფეოდალურ არისტოკრატიაში თანდათან გავრცელდა და ფეხი მოიკიდა მაჰმადიანობამ თუ ყიზილბაშურმა წეს-ჩვეულებებმა. თანაც ეს არ ხდებოდა ქრისტიანობის შევიწროებით. პირიქით. როსტომმა, რომელიც თითქოს ქართველობდა კიდეც, სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს:

„ამან აღაშენა სახლი ყიზილბაშური, კეკლუცად და ტურფად ნაგები [შემოიღო] მოფენილობა, სმა-ჭამა, გამოჩუენება და კეკელაობა. და მიიქცნენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა შინა მისსა სიძვა და არა-წყინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა“, - წერს ჟამთააღმწერელი „ქართლის ცხოვრებაში“.

უფრო მეტიც, სასახლის კარის გახრწნილებამ ეკლესიაშიც კი შეაღწია: „თჳთ სამღდელონიცა და მღდელთმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღჳნისა და სმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდენ ურთიერთას სიძვა-მრუშობასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, არამედ ჴორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე“.

გაუჭირდა ერის სულიერ მამას, ევდემოზ კათალიკოსს. მას არ შეეძლო, მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებულნი სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით პატრიოტი ერისთავები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა — სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო. ერის სულიერი მამის სიმამაცე ქართველებში კიდევ უფრო ამაღლებდა პატრიოტულ სულისკვეთებას.

ციხე-ქალაქ პეტრას ნაშთი - Sputnik საქართველო
ქართველ მეფეთა შეცდომები: ორი ამბავი ისტორიიდან

სპარსი მემატიანის, მოჰამედ თაჰერის მიხედვით, როსტომის წინააღმდეგ რამდენიმე შეთქმულება მოეწყო, რომელთა ორგანიზატორიც კახეთის მეფე თეიმურაზი იყო. მას ქართლის ტახტის დაბრუნება უნდოდა. პირველი შეთქმულება, რომელშიც ზაალ არაგვის ერისთავი, ნოდარ და იოთამ ამილახვრები მონაწილეობდნენ, მალევე ჩაფლავდა. შეთქმულებმა მკვლელი მიუგზავნეს როსტომს, მაგრამ მისმა მცველებმა შეიტყვეს და მკვლელმა გაქცევით უშველა თავს.

უფრო ფართო და ორგანიზებული იყო მეორე შეთქმულება, რომელიც 1642 წელს მოეწყო. ამ ამბოხის მთავარი იდეოლოგი ევდემოზ კათალიკოსი გახლდათ. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახორი, ნოდარ ციციშვილი, კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე, გიორგი გოჩაშვილი, რევაზ ბარათაშვილი, სომხითის მელიქი ყორხმაზ ბეგი. შექთმულთა მიზანი როსტომ ხანის მოკვლა და კახეთის მეფე თეიმურაზის ქართლში გამეფება გახლდათ.

გადამწყვეტ მომენტში შეთქმულება სომეხმა მელიქმა გასცა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების სამარხი გოაზე - Sputnik საქართველო
შაჰ-აბასის გაქრისტინების ევროპული გეგმა და წამება ქეთევან დედოფლისა

შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა შეთქმულთა ციტადელი, ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა. არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.

როსტომი შეტევაზე გადავიდა და შეთქმულები დააპატიმრა. გოჩაშვილსა და ზურაბ სააკაძეს თვალები დასთხარა. ასევე სატიკად გაუსწორდა სხვა შეთქმულებსაც. მხოლოდ რევაზ ბარათაშვილი და იოანე სააკაძემ გადაურჩა მის რისხვას, ვინაიდან სანამ როსტომის ხელი მისწვდებოდა, მოასწრეს და ქართლიდან გადაიხვეწნენ.

ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. ქართლის ვალის ბრძანებით, ევდემოზ კათოლიკოსი შეიპყრეს, თბილისში წამოიყვანეს, კათალიკოსობიდან გადააყენეს და შურის ციხის (ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.

ყოფილი კათალიკოსი რამდენიმე თვე იყო საკანში, მერე კი მალულად მოაკვლევინა როსტომმა ციხეში — ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული დასჯის ტრადიციული  ხერხით: ჯერ მშვილდის ლარითა და საბლით დააღრჩვეს კათოლიკოსი, შემდეგ კი ცხედარი „განჯის კარის“ კოშკიდან გადააგდეს (აბანოების მხარეს). წამებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ქრისტიანებმა ფარულად წაიღეს და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს.

ასე რომ, საბოლოოდ ერმაც და ბერმაც დაინახა, რომ როსტომ-ხანის კეთილშობილება მხოლოდ ნიღაბი იყო, რომლის მიღმაც მტარვალი იმალებოდა. შეთქმულთა მოწამეობრივმა სიკვდილიმა გზააბნეულ ერს რეალობა დაანახა და გონს მოიყვანა...

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0