ლაშა ღლონტი: ყოველი აღდგომა ერთმანეთისკენ მობრუნება უნდა იყოს

გამოწერა
ქართველს ყოველთვის ჰქონდა სიკვდილის მიმართ ფილოსოფიური დამოკიდებულება...

ჩვენში მიცვალებულთა ხსოვნა წმინდა საქმეა, უკვე საუკუნეების მანძილზე ვიცავთ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, რაც აღდგომის დღეებში ტრადიციული რიტუალით გამოიხატება. ამასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ცნობილ მომღერალს, ლაშა ღლონტს, რომელმაც ჩვენს კითხვებს მისთვის ჩვეული გულწრფელობით გასცა პასუხი...

© photo: courtesy of Lasha Glontiლაშა ღლონტი
ლაშა ღლონტი: ყოველი აღდგომა ერთმანეთისკენ მობრუნება უნდა იყოს - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტი

- ბატონო ლაშა, გილოცავთ ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვან აღდგომის დღესასწაულს, როგორია ამ დღისადმი თქვენი დამოკიდებულება?

- აღდგომა ჩემთვის სიკეთისკენ შემობრუნებას ნიშნავს... ჩემი თაობის ადამიანები სამწუხაროდ გავიზარდეთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და სადაც რელიგიური შეზღუდვები არსებობდა. თუმცა ჩემს ოჯახში, ბებია ყოველთვის დადიოდა ეკლესიაში და აღდგომის დღეს ტრადიციულად ღებავდა კვერცხს. ჩვენც შეძლებისდაგვარად მასთან ერთად დავდიოდით ეკლესიაში. წლების მერე ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რამაც ჩემი რწმენა გააძლიერა. მე ვგულისხმობ იმას, რომ იერუსალიმში ორჯერ ვიყავი ქრისტეს საფლავზე. ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო. როდესაც ასეთ წმინდა ადგილზე მოხვდები აბსოლუტურად სხვა გრძნობა გიჩნდება. აქედან გამომდინარე, აღდგომამ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა, სამწუხაროდ, ვიმეორებ, ისეთ ქვეყანაში გავიზარდეთ, რომ არ ვართ ღრმად რელიგიურები, რაც ძალიან ცუდია. ამის გამოსწორებას სულ ვცდილობ ხოლმე. თუმცა ისიც მესმის, რომ ასეთი რამ უფლის ნებაა და თავისით მოდის...

© photo: courtesy of Lasha Glontiლაშა ღლონტი
ლაშა ღლონტი: ყოველი აღდგომა ერთმანეთისკენ მობრუნება უნდა იყოს - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტი

- თქვენ ტრადიციები ახსენეთ, რომელშიც გარდაცვლილი ახლობელი ადამიანების ხსოვნაც და გარკვეული რიტუალიც მოიაზრება...

- ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მარადიულ სოფელში წასულები. ქრისტიანულადაც ასეა - რამდენჯერაც მოვიხსენიებთ მათ სულს, იმდენად უფრო დიდი მადლია მათთვის. წინაპრების არდავიწყება ჩვენი წმინდა ტრადიციაა. წინაპრებში ისეთ პიროვნებებსაც ვგულისხმობ, ვინც ქართულ სულიერებასა და ხელოვნებაში დიდი კვალია დატოვა: რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე, გოგი დოლიძე... ყველას ჩამოთვლას შორს წაგვიყვანს. ამას გარდა ბევრი კამათი მიდის იმის თაობაზე, რომ საფლავზე გასვლა ღრეობაა და არ შეიძლებაო. თუმცა თუკი ღრეობაზე ვისაუბრებთ, მაშინ ის ყველგან: სახლშიც დაუშვებელია და რესტორანშიც. ადამიანს თუკი სურს პატივი მიაგოს წინაპრის სულს, ამაში დაუშვებელი არაფერია, მეც გადამიგორებია საფლავზე კვერცხი და ღვინოც მომისვამს. უბრალოდ ამას ვულგარული სახე არ უნდა მიეცეს... ამ დღეს პირველ რიგში, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, მამა მახსენდება, რომელიც ახლახან დავკარგე.

© photo: courtesy of Lasha Glontiლაშა ღლონტის მამა თენგიზ ღლონტი
ლაშა ღლონტი: ყოველი აღდგომა ერთმანეთისკენ მობრუნება უნდა იყოს - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტის მამა თენგიზ ღლონტი

- რა გახსენდებათ მამასთან დაკავშირებით?

- მამას ყოველთვის დავყავდი გამოფენებზე, თეატრში, მუზეუმებში, ისეთ ადგილებში, სადაც სულიერებას მაზიარებდა. ის არ მღეროდა, მაგრამ მას დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და კარგ სიმღერას აფასებდა, კარგად ხატავდა. ხშირად დამატარებდა ძველ ბათუმში და ძალიან ბევრი რამ მასწავლა, მან ადამიანებთან ურთიერთობის კულტურას და კაცობას მაზიარა. მისი საოცრად მადლიერი ვარ და ვთვლი, რაც კი კარგი მაქვს, ამაში დიდი წილი მამას მიუძღვის. ორშაბათს მეც გავალ მამის საფლავზე, კვერცხს გადავაგორებ, სანთელს დავანთებ და ტრადიციულად ერთ ჭიქა ღვინოსაც ავწევ მისი ხსოვნისთვის...

- აღდგომის დღეებში ადამიანი ალბათ ქვეცნობიერად უფრო მეტად ფიქრობს სიცოცხლის არსსა და მარადიულ ფასეულობებზე...

- სამწუხაროდ ძალიან გაცივდა სამყარო, ამდენმა ნეგატივმა ძალიან გააუხეშა იგი. ამან კი ჩვენზეც, სხვანაირად გაზრდილ ადამიანებზეც იმოქმედა. თავისებურ იზოლაციაში აღმოვჩნდით, აღარ დავდივართ ახლობლებთან, ნათესავებთან,  დავივიწყეთ, მეგობრები, ოჯახებში სუფრები აღარ იშლება. სუფრაში ღრეობას არ ვგულისხმობ, ქართული სუფრა ხომ პირველ რიგში ადამიანური ურთიერთობაა?!.. ჩვენი ადამიანური ვალია, რომ სიკეთე ვაკეთოთ და მოყვასი გვიყვარდეს, ეს სამყაროში ყველაზე მთავარია. ზუსტად ვიცი, რომ ადამიანი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, როდესაც მის ახლობელს უჭირს. ამიტომ ჩვენი ცხოვრებით უნდა ვეცადოთ მეგობრებს მათი ტკივილი შევუმსუბუქოთ, ყოველი აღდგომა ერთმანეთისკენ მობრუნება უნდა იყოს...

 

ყველა ახალი ამბავი
0