თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ხდება, რაც საქართველოში გაცემული დიპლომების და მინიჭებული კვალიფიკაციების ევროპაში აღიარების წინაპირობაა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა 25 აპრილს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:
• საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში;
• საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს;
• უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან;
• სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას;
• ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).
„ეს არის უდიდესი მიღწევა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის - აღიარება იმისა, რომ ჩვენი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, სამომავლოდ ეს ნიშნავს ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის მეტ ინტერნაციონალიზაციას, ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და აღიარებას საერთაშორისო დონეზე.
„ამ გადაწყვეტილებით ENQA-მ ნდობა გამოგვიცხადა და ამავდროულად დაგვეკისრა უდიდესი პასუხისმგებლობაც, რომელსაც განათლების რეფორმის ფარგლებში, მთლიანი სისტემის ტრანსფორმაციით უნდა გავართვათ თავი”, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.
„ეს არის შედეგი იმ რეფორმებისა, რომლებზეც ვმუშაობთ და რომელიც განათლების სექტორის სრულ ტრანსფორმაციას გულისხმობს“, – აღნიშნა მინისტრმა.
„ეს ციფრი უპრეცედენტოა" – რა თანხაა საჭირო ქართული სკოლების განვითარებისათვის >>
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“.
საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ამ სფეროს ლიდერად ჩამოყალიბდეს. განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა.