თბილისში მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerსტუდენტები თსუ-ს შესასვლელთან
სტუდენტები თსუ-ს შესასვლელთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრი ქართული მეცნიერებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა, აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, სადაც აღნიშნული ცენტრი ამოქმედდა. იგი საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში დაეხმარება.

თბილისში მეცნიერების განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობენ >>

ევროპული აკადემია (Academia Europaea) 1988 წელს ევროპის ნაციონალური აკადემიების ინიციატივით დაარსდა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და მოიცავს ყველა კვლევით მიმართულებას.

თბილისის ცენტრის გახსნას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი სიტყვებით, განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვისკენ.

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
მთავრობა გელათის აკადემიას 767 632 ლარით დაეხმარება

„ვფიქრობთ, რომ იმ პოტენციალის, რომელიც არის საქართველოში, ჩვენს ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებში, ფაქტობრივად, 2-3 პროცენტს ვერ ვიყენებთ. ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია გახლავთ ის, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონული ცენტრი და ლიდერი. ბუნებრივია, ეს ჩვენ წარმოგვიდგენია მხოლოდ განათლებასთან ერთად და იმასთან ერთად, რომ საქართველომ დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი რეგიონში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის ცენტრი ევროპული აკადემიის რეგიონული ქსელის მეხუთე წევრია.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის სიტყვებით, მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განისაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება და სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

„ეს ციფრი უპრეცედენტოა" – რა თანხაა საჭირო ქართული სკოლების განვითარებისათვის >>

„განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის პროცესში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრის გახსნას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამ საგანმანათლებლო ჰაბს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება განათლებაზე ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯოს

როგორც მანამდე განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი უზარმაზარი აღიარება ქართული მეცნიერებისა ევროპული აკადემიური საზოგადოების მხრიდან.

განათლების სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრი საქართველოში გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს კვლევითი პოტენციალისა და მეცნიერების განვითარებას რეგიონში.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ამ სფეროს ლიდერად ჩამოყალიბდეს. განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა.

ყველა ახალი ამბავი
0