თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მოახდენს კანონპროექტის ინიცირებას, რომლის თანახმად ყველა ხელისუფლება ვალდებული იქნება დახარჯოს განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ >>
საქართველოში განათლების სფეროს დაფინანსება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ კი 1 მილიარდი ლარით. წელს განათლების ბიუჯეტი 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს.
„ეს იქნება მინიმუმი, რომელიც ექნება ვალდებულებად ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ მიმართოს განათლებაზე, ახალგაზრდებზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე საქართველოში. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი სწორი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან და თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობამ 12,7% შეადგინა.
ახალი ინიციატივის მიხედვით, 2020 წლისთვის განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს, 2021 წლისთვის - 2,5 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2022 წლისთვის - 3,4 მილიარდ ლარამდე, ანუ მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება.
პრემიერის თქმით, დაფინანსება გაიზრდება ყველა დონეზე - სკოლამდელ, ზოგად საგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს დონეზე და მეცნიერების სფეროში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ აქტივობებს ამ მიმართულებით... ჩვენ გვექნება ღია პლატფორმა, მათ შორის ონლაინ რეჟიმში, სადაც მთავრობა მზად იქნება, განიხილოს ყველასთან, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, ამ რეფორმის სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის უმოკლეს ვადაში განხილვა სთხოვა.
განათლების მინისტრი: პრიორიტეტი ქართული სკოლის მოდელის შექმნაა >>
საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, უნივერსიტეტის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა. რეფორმები ოთხ წელს გაგრძელდება და გამიზნული იქნება იმაზე, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრი და რეგიონის ლიდერი გახდეს.