ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ეპატაჟური, სკანდალური, მაღალანაზღაურებადი მომღერალი ბევრს არ საუბრობს პირად ცხოვრებაზე. თუმცა მან დუმილი დაარღვია და აღნიშნა, რომ ახლა შეყვარებული არ არის. მან ასევე ისაუბრა იმაზე, 30 წლის განმავლობაში რა განაპირობებს მის პოპულარობას.
„ჩემი პოპულარობა ჩემმა გარეგნობამ, ასევე ნიჭმა განაპირობა. 90-იანებში არავის არ ეცვა „იუდაშკინი“, თმა „ბრიოლინებით“ არავის ჰქონდა გადაწეული და ბრილიანტებითაც არავინ დადიოდა. იმ დროს ჩემ გარდა ფილარმონიას არავინ არ ავსებდა. მაშინ ჩემ გვერდით იდგნენ სხვადასხვა ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ გოგი დოლიძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და სხვები. იყო ყვავილების და საჩუქრების ზღვა. კონცერტის დროს ვფიქრობდი – ნუთუ ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდება? ვიყავი ლამაზი, კარგად ჩაცმული ბიჭი, რომელიც სიყვარულზე მღეროდა. მაშინ ქალაქში არაფერი ხდებოდა, იყო მხოლოდ გიას კონცერტები. გიას კონცერტზე მარტო სიყვარულზე იყო სიმღერები, იქ ხვდებოდნენ წყვილები ერთმანეთს, იქ ქორწინდებოდნენ, ტიროდნენ, შორდებოდნენ, რიგდებოდნენ და ა.შ.“, – იხსენებს მომღერალი.
გია სურამელაშვილმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.
„შეყვარებული არ ვარ. უბრალოდ შინაგანად მაქვს, რომ სულ სიყვარულის ნაპერწკალი დამთამაშებს სახეზე. მოკლედ გეტყვით, ბედნიერი ადამიანი ვარ. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ყველა ქვეყნიდან მეხვეწებიან ჩავიდე და მათთან ვიმღერო“.
გია სურამელაშვილმა საიდუმლოდ დატოვა რა თანხას უხდიან მას დამკვეთები სიმღერაში.
„ამ თანხას ვერ დავასახელებ. იმის გამო, რომ მაქვს შინაგანი ნევროზი – მგზავრობის დროს ვერ მოვწევ სიგარეტს, ვერ დავლევ და ა.შ. არც ერთ მიწვევაზე არ გავემგზავრე ამერიკაში. თუ არ გადამიხდიან იმ თანხას, რაც მე მინდა, სხვა შემთხვევაში ამხელა გზას არ გავივლი. ახლა 15 ათას დოლარად დავთანხმდი ამერიკას“, – ამბობს სურამელაშვილი.
მომღერლის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია მიწვევის დროს ამა თუ იმ ქვეყანაში პატივისცემით მოეპყრან, ნომერში დაახვედრონ ყვავილები და მიართვან ტკბილეული.
„სასიამოვნო იქნება ნომერში დამახვედრონ ყვავილები, შამპანური. ბოლოს ისრაელში სასტუმროში ყოველ ნახევარ საათში მოქონდათ შოკოლადები და ნამცხვრები“, – ამბობს სურამელაშვილი.
გია სურამელაშვილს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლების ამალა, რომლებიც გულთბილი კომენტარებით ანებივრებენ მომღერალს.