დღემდე ახსოვს, მეორე კლასში ყოფნის დროს მასწავლებელმა როგორ დაავალა ბავშვებს ფურცელზე მათი ოცნება დაეწერათ და კონვერტში ჩაედოთ. ამ კონვერტს იგი შეინახავდა და როცა სკოლის დამთავრების დროს გახსნიდნენ, ეს ოცნება აუცილებლად ახდებოდა...
– მერი, როგორ ახდა ფურცელზე დაწერილი თქვენი ოცნება?
– მაშინ მე დავწერე, რომ ვოცნებობდი ფუნჯებზე და საღებავებზე, რათა ბევრი მეხატა. დავწერე და ეს წერილი ბალიშის ქვეშ შევინახე. ისე გამოვიდა, რომ ჩემმა მშობლებმა შემთხვევით ნახეს ჩემი წერილი, წაიკითხეს და გადაწყვიტეს ხატვაზე შევეყვანე. სკოლის დამთავრების მერე კი არა, გამოდის, რომ ჩემი ოცნება რამდენიმე დღეშივე ახდა. ამას ისიც დაემთხვა, რომ ზუსტად მაგ წელს ჩემ სკოლაში ელენე ახვლედიანის სახელობის სახვითი ხელოვნების სტუდია გაიხსნა, რომელსაც ორი უსაყვარლესი მასწავლებელი იზა თავაძე და მაია კაციტაძე ხელმძღვანელობდნენ. მაშინ ისინიც ახალბედები იყვნენ და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიზარდეთ. ისინი სულ გვიფრთხილდებოდნენ როგორც პირველ მერცხლებს და შრომასთან ერთად დიდ სიყვარულსაც დებდნენ ჩვენში.
– პირველი სერიოზული წარმატებაც ადრე გეწვიათ...
– პირველი წარმატებაც უკვე რვა წლის ასაკში იყო, როცა ევროკავშირის მიერ ჩატარებულ კონკურსში WORLD ENVIRONMENT DAY (south caucasian children for peaceful and healhty envirment) 50 საუკეთესოში მოვხვდი და ჩემი პირველი დიპლომი ავიღე. ეს იყო ნებართვა გამარჯვებული ნახატის მიხედვით საფოსტო მარკის გამოსაშვებად. ნახატის თემა დედამიწის დაცვის დღეს ეხმაურებოდა. მასზე გამოვსახე ბავშვები, რომლებიც დედამიწას რეცხავდნენ. ნახატის მარკაზე გადატანა ნებისმიერ დროს შემიძლია. ამას მოჰყვა სხვა ბევრი გამარჯვება, მხოლოდ ამის მერე შეხედეს მშობლებმა ამ ჩემ გატაცებას სერიოზულად. 9-10 წლის ვიქნებოდი, როცა ჩემ ნახატებთან ერთად მიმიყვანეს სამხატვრო აკადემიის რექტორთან, ბატონ სოსო ქოიავასთან. ისე გამოვიდა, როცა ჩვენ მივედით, აკადემიის საბჭოს სხდომა მთავრდებოდა. სხდომის მერე ბატონმა სოსომ საბჭოს წევრებთან ერთად დაათვალიერა ჩემი ნახატები და შემაქო. ამის მერე ხატვა კიდევ უფრო შემართებით განვაგრძე. ჩემი მშობლებიც ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. 11 წელი ვიარე ამ სტუდიაში და, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი ცხოვრება იქ გავატარე. ამ წლების განმავლობაში არაერთი კონკურსის გამარჯვებული გავხდი. მათ შორის იყო ვლადიმერ სპივაკოვის საერთაშორისო ფონდის მიერ ჩატარებული ფესტივალი; ელენე ახვლედიანის გალერეის მიერ ჩატარებული კონკურსები და კიდევ ბევრი სხვა, საერთო ჯამში დაახლოებით 50 ჯილდო მაქვს მიღებული. სკოლის ასაკში საკმაოდ კარგად ვხაზავდი და ამ მიმართულებითაც მაქვს რესპუბლიკურ კონკურში მესამე, მეორე და, ბოლოს, პირველი ხარისხის დიპლომი აღებული.
– ასეთი წარმატების ფონზე მოდის დიზაინერობა რატომ აირჩიეთ?
– დიახ, მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა ფერწერისა და გრაფიკის მიმართ, გადავწყვიტე, რომ სხვა მიმართულებით წავსულიყავი და პროფესიად მოდის დიზაინი ავირჩიე, კონკრეტულად კი ქსოვილის ტექნოლოგიურად დამუშავების მიმართულება. თუმცა არც ეს იყო ჩემთვის უცხო, რადგან ბავშვობაში ყველგან და ყველაფერზე ვხატავდი, მათ შორის ქსოვილზეც. 2009 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და აქედან დაიწყო სხვა ხანა ჩემ ცხოვრებაში. საკმაოდ „მსუყე“ სტუდენტობა მქონდა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე როგორც პროფესიული ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მაქსიმალურად ვცდილობდი კარგი სტუდენტი ვყოფილიყავი და ბევრს ვშრომობდი.
– ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ერთდროულად სწავლობდით და სხვებსაც ასწავლიდით?
– ასე გამოვიდა. მესამე კურსზე ვიყავი, როცა მასწავლებლის პროფესიას ვეზიარე. ჩემმა პედაგოგებმა შემომთავაზეს, რომ მოდის დიზაინი მესწავლებინა. მაშინ 21 წლის ვიყავი და თავიდან ძალიან შემეშინდა, მაგრამ მერე დავთანხმდი. სტუდიაში, სადაც 11 წელი ვისწავლე, ახლა უკვე მე ვასწავლიდი სხვებს. თუმცა ჩემთვის მასწავლებლობა არ იყო უცხო, რადგან ჩემი პედაგოგები უკვე მოზრდილ ასაკში წარჩინებულ მოსწავლეებს საშუალებას გვაძლევდნენ, რომ უმცროსკლასელებისთვის ჩაგვეტარებინა გაკვეთილები. თანაც, ოჯახშიც ბევრი პედაგოგი მყავს და ეს პროფესია ალბათ სისხლშიც მაქვს. ბავშვები, რომლებსაც მაშინ ვასწავლიდი, ზოგი უკვე ბაკალავრის წოდების მფლობელია, ზოგი ჯერ კიდევ სტუდენტი. 2014 და 2015 წელს საქართველოს ხელოვანთა კავშირმა „ხელოვანები მომავლისთვის“ „მაღალი პროფესიონალიზმისა და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის“ დიპლომი გადმომცა.
– თქვენი პირველი კოლექცია და ბრენდი როდის შეიქმნა?
– როცა დიპლომის დაცვის დრო მოვიდა, შევეშვი მუშაობას და გადავერთე სადიპლომო კოლექციაზე. არასაკმარისი ფინანსების გამო ცოტა გვიან დავიცავი დიპლომი, მაგრამ მაქსიმალური შეფასება დავიმსახურე, რაც ძალიან მიხარია. შევქმენი პირველი კოლექცია და მაშინ გაჩნდა ბრენდი MERRY C. ამის მერე იყო „თბილისის მოდის კვირეული“, შემდეგ „სტარტაპ მარკეტ ექსპო“. ამ ყველაფერმა უფრო ცნობადი გახადა ჩემი პატარა ბრენდი და, რაც მთავარია, ხალხის დიდი სიყვარული მომიტანა. ყოველთვის მეშლებოდა ხელი იმით, რომ საკუთარი სამუშაო სივრცე არ მქონდა. სულ რაღაც ერთი წლის წინ გავაკეთე სახელოსნო, სადაც ვმუშაობ. ამჟამად ვასწავლი ხატვას (გრაფიკა და ფერწერას) როგორც პროფესიონალურ, ასევე მოყვარულის დონეზე. ასევე ვასწავლი მოდის დიზაინს და სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი ტურისთვის აბიტურიენტებსაც ვამზადებ. მოხდა ისე, რომ სხვადასხვა წელს სამივე აბიტურიენტი მოეწყო აკადემიაში. რამაც ძალიან დიდი სიხარული და თავდაჯერებულობა შემმატა.
– ყველაზე დიდი ბედნიერება რას მოაქვს თქვენთვის?
– სიამოვნებაა, როცა წარმატებას აღწევ, მაგრამ ბედნიერებაა, როცა შენი მოსწავლეები აღწევენ წარმატებას. ეს ერთდროულად შენი ბედნიერებაცაა, მისიც და საერთოც... კიდევ ბედნიერებაა ის სიყვარული და სითბო, რასაც ისინი ჩემ მიმართ გამოხატავენ. ამ ყველაფრის მონატრებამ გადამაწყვეტინა, რომ დიზაინერობასთან ერთად პედაგოგობაც გამეგრძელებინა. რამდენიმე თვეა, რაც ჩემ სახელოსნოში მოსწავლეების მიღება დავიწყე. ვიცი, რომ შრომა დამიფასდება და მოსწავლეების რიცხვიც თანდათან გაიზრდება.
– ალბათ გარკვეული სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ მომავალი მხატვრები გარკვეულ შტამპებში არ მოექცნენ, ამ ფაქტორს თუ ითვალისწინებთ?
– ეს მართლაც გასათვალისწინებელია. არიან პედაგოგები, რომლებიც არასწორად ასწავლიან ბავშვებს და ასეთი შეცდომის გამოსწორება შემდგომში ძალიან რთულია. ან, როგორც უკვე ახსენეთ, ისინი შტამპავენ ბავშვებს და ამით ინდივიდუალიზმს უკარგავენ. ინდივიდუალიზმის გარეშე კი კარგი ხელოვანი ვერ იარსებებს. კიდევ მნიშვნელოვანია გარემოც, სადაც სწავლის პროცესი ხდება. მხოლოდ წიგნებიდან ვერ ეზიარები ჭეშმარიტ ხელოვნებას, უნდა ეცადო, რომ ხელოვან ადამიანებთან გქონდეს ხშირი შეხება, მოუსმინო მათ და მათი მრავალწლიანი გამოცდილება გაიზიარო...