თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის სპეცტექნიკის დაზიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პანკისის ხეობაში ვითარება კვირას, დილით გამწვავდა, როდესაც მდინარე ალაზნის პირას ჰიდროელექტროსადგური „სამყურაწყალი 2"-ის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივების მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რომელსაც მშენებლობის დაწყების პროცესის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო, რამდენიმე შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, პოლიციამ კი რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა.
„რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მოხდება თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება და თითოეული ადამიანი, რომელმაც პოლიციელზე თავდასხმა გაბედა, შესაბამისად იქნება დასჯილი. ამას ყველა პოლიციელს ვპირდები", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.
დაზიანებულია პოლიციის სპეცტექნიკა, დაშავებული არიან პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები. სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. შსს-ს ინფორმაციით, 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც ქართული მასმედია იუწყება, სამედიცინო დახმარება რამდენიმე ჟურნალისტს დასჭირდა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჰესის სიმძლავრე მხოლოდ 5,4 მეგავატი უნდა იყოს, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის დიდ ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ. ამასთან, ჰესის მშენებარე კომპანიებმა „ალაზანი ენერჯიმ" და „ფერიმ" გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, ისინი წყალმომარაგების მხრივ ყველა პრობლემის გადაჭრას საკუთარ თავზე აიღებენ, თუ ამის საჭიროება დადგება.
შინაგან საქმეთა მინისტრსა და პანკისის ხეობის უხუცესებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჰესის მშენებლობა მოსახლეობის 90%-ის თანხმობის შემთხვევაში გაგრძელდება. ადგილზე გახარიას გარდა იმყოფებოდნენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის მუხლებით „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა", რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით", რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.