CinéDOC–Tbilisi – პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალია კავკასიაში, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან იმართება. რიგით მეშვიდე ფესტივალის პროგრამა 67 ფილმის ჩვენებას მოიცავს.
რა სიახლეები იგეგმება
ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგურის თქმით, წელს CinéDOC-Tbilisi მრავალ საინტერესო სიახლეს სთავაზობს.
„საერთაშორისო საკონკურსო სექციასთან ერთად, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს, Focus Caucasus-ის ფილმები ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელ ემოციურ ისტორიებს გვიყვებიან. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი, კრეატიული დოკუმენტური ფილმებითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, წელს პირველად შევქმენით თემატური სექცია „წითელი სული“, რომელიც თავს უყრის ისეთ მნიშვნელოვან ფილმებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელ თემებზე მოგვითხრობენ“, - საუბრობს ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური.
ფესტივალის არანაკლებ საინტერესო სექციებია Erotic DOX, რომელიც ერთიანებს ფილმებს ქალის ეროტიკულ გამოცდილებაზე სხვა ჭრილში, ასევე CinéDOC Young-ი - სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამა.
„რეჟისორი ფოკუსში“
წელს „რეჟისორი ფოკუსში“ ცნობილი ფრანგი რეჟისორი და მსახიობი ნიკოლა ფილიბერი გახდება.
„ჩემს დოკუმენტურ ფილმებს ცნობისმოყვარის პოზიციიდან ვქმნი, ამისათვის ერთგვარ დასაწყისს ვეძებ, თუმცა რუკა არ მჭირდება და არც იმის ცოდნა როგორი იქნება ამ გზის დასასრული. ამგვარად ჩემი ფილმები მაყურებლისადმი ერთგვარი მოწოდებაა, რომელიც ასე ჟღერს: წამომყევი, ერთად გავარკვიოთ რა ხდება, შეიძლება დავიკარგოთ კიდეც, მაგრამ არა უშავს...“ - აცხადებს ფილიბერი.
ფესტივალის პროგრამაში ქართველი მაყურებელი ნახავს ფრანგი რეჟისორის სამ ფილმს - „ყოფნა და ქონა“ (2002), „ყოველ წუთსა და წამს“ (2018) და „ცხოველები“ (1994).
რის შესახებ არის ფილმები?
CinéDOC-ის დირექტორის თქმით, საფესტივალო ფილმები ისეთ ფუნდამენტურ თემებს ეხება, როგორებიცაა სიყვარული, თავისუფლება, კონფლიქტი, ოჯახი, სახლი, ბავშვობა.
იმისათვის, რომ ფესტივალზე მაყურებელს გაუადვილდეს მისთვის საინტერესო ფილმების შერჩევა, საფესტივალო პროგრამა სექციების გარდა, თემატურ კატეგორიებად დაიყო. ეს არის „რეჟისორი ფოკუსში“, „უპირობო სიყვარული“, „რწმენის მიღმა“, „წითელი სული“, „ჩვენ და ჩვენი პლანეტა“, „ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებთ“, „ოჯახური პორტრეტები, „კონფლიქტის შემდეგ“, „მარად ახალგაზრდა“, „ცვალებადი ქალაქები“, „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, Erotic DOX და „ადაპტაცია“.
ფესტივალის მაყურებელი იხილავს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, ავსტრიის, ბელგიის, შვედეთის, შვეიცარიის, იტალიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, დანიის, უნგრეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, მაკედონიის, ლატვიის, ხორვატიის, სლოვაკეთის, მოლდოვას, სერბეთის, ირანის, მექსიკის, აშშ-ის და ავსტრალიის რეჟისორების ფილმებს. სულ 56 ფილმია წარმოდგენილი.
პლატფორმა New Talents Caucasus
ამასთან ერთად, ფესტივალი ტრადიციულად წარმოადგენს ინდუსტრიულ პროგრამას სახელწოდებით CinéDOC-PRO და ფორუმს Civil Pitch. სიახლეებს შორისაა პლატფორმა New Talents Caucasus. პლატფორმაზე წარმოდგენილნი არიან ნიჭიერი, დამწყები და გამოცდილი რეჟისორები კავკასიის რეგიონიდან და ის შესაძლებლობას აძლევს რეჟისორებს, თავიანთი კინოპროექტები ტელევიზიების, ფესტივალების წარმომადგენლებისა და გავლენიანი კინოპროფესიონალების წინაშე წარადგინონ.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ასევე სექცია CivilDOC, რომელიც პროგრამაში 2016 წელს შევიდა. სექციაში ნაჩვენები ფილმები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას და სოციალური პრობლემების ფართო სპექტრს ეძღვნება.
სად გაიმართება კინოჩვენებები?
კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“ და არქივის კინოთეატრში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კინოთეატრის სალაროებში და ონლაინ, ვებგვერდზე www.biletebi.ge
ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე.