გიორგი დანელიას სევდიანი კომედიები: მეგობრები იხსენებენ

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი გიორგი დანელია და მისი მეუღლე გალინა იურკოვა-დანელია
რეჟისორი გიორგი დანელია და მისი მეუღლე გალინა იურკოვა-დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა

„მე ჩემს ნამუშევრებში ძალიან ბევრს ვაქსოვ, მაგრამ მჭერმეტყველი საერთოდ არ ვარ. ჩემთვის დღეს ქუჩაში გასვლა, ვინმესთან ურთიერთობა, მით უმეტეს, უაზრო თავყრილობებში მონაწილეობა საშინელი ტანჯვაა. ჩემი ნება რომ იყოს, სულ კაბინეტში ვიქნებოდი და სცენარებს ან მემუარებს დავწერდი, რადგან სათქმელიც ბევრი მაქვს და ამას ასაკიც მავალდებულებს. მხატვრულ კინემატოგრაფიაში ჩემს მწერვალებს ალბათ მივაღწიე. ვეღარასოდეს გავიმეორებ ისეთი კლასის ფილმებს, როგორიცაა „შემოდგომის მარათონი“ და „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“, — ეს სიტყვები კინორეჟისორ გიორგი დანელიას ეკუთვნის.

მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ყველა თაობის მაყურებელია. მან კინემატოგრაფიაში ახალი მიმართულება "ლირიკული კომედია" შექმნა. კეთილი იუმორი, ირიბი სარკაზმი, ერთი შეხედვით, უბრალო ფრაზები და მოქმედებებს ამოფარებული თითქმის პოლიტიკური პროტესტი — ამით გამოირჩევა მისი კინოხელოვნება.

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი დანელია
გიორგი დანელიას სევდიანი კომედიები: მეგობრები იხსენებენ - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია

გიორგი დანელიამ საბჭოთა სინამდვილეში სახელობითი კინო — გიორგი დანელიას კინო შექმნა.

დღეს ის მარადისობის გზას შეუყვა...

„Sputnik-საქართველო“ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენებს მაესტრო დანელიას და ელდარ შენგელაიასთან, კახი კავსაძესთან და გოგი ქავთარაძესთან ორიოდე წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

 — ბატონო ელდარ, რამდენადაც ვიცი, თქვენ ბატონი გიას უახლოესი მეგობარი ხართ და გაბრიაძე-დანელიას შემოქმედებითი ტანდემი თქვენი უშუალო დახმარებით შედგა. გთხოვთ, რამე გაიხსენეთ მის შესახებ…

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, მეგობარი: გიასთან დიდი ხანია ვმეგობრობ, ერთმანეთს ახალგაზრდობიდანვე ვიცნობთ და როცა მოსკოვში ჩავდივარ, მაშინვე მასთან მივდივარ ხოლმე. მის სახლში საოცარი ატმოსფეროა.

გია, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი რეჟისორია, ძალიან კარგი მხატვარიცაა, არაჩვეულებრივად ხატავს მეგობრების შარჟებს.

რაც შეეხება ცნობილ შემოქმედებით ტანდემს, მახსოვს, როცა გიამ „არ დაიდარდოს“ გადაღება ჩაიფიქრა და თბილისში ჩამოვიდა, ძველ კინოსტუდიაში შეხვედრის დროს მითხრა, ახალ სურათს ვიწყებ და მინდა, რომ სცენარი ამა და ამ ავტორმა დამიწეროსო. მაშინ მე მას რეზო გაბრიაძე შევთავაზე, რომელიც იმ დროს სცენარს ჩემი ფილმისთვის წერდა. ერთმანეთს შევახვედრე და, სხვათა შორის, მათ მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი. ასე დაიწერა არაჩვეულებრივი სცენარი ფილმისთვის „არ დაიდარდო“.

შემდეგ ის გია ყანჩელსაც შევახვედრე და დაიწერა ბრწყინვალე მუსიკა იმავე ფილმისთვის, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების შედევრად იქცა.

© photo: Sputnik / Galima Kmit / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი დანელია კოლეგა-მეგობრებთან ერთად
გიორგი დანელიას სევდიანი კომედიები: მეგობრები იხსენებენ - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია კოლეგა-მეგობრებთან ერთად

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ გია დანელია პროფესიით არქიტექტორია, სარეჟისორო კურსებზე შემდეგ შევიდა. მისი პირველი სურათი „სერიოჟა“ იყო. მან და მისმა მეგობარმა ტალანტინმა ერთად გადაიღეს ფილმი, სადაც მთავარ როლს ბონდარჩუკი თამაშობდა.

ეს იყო მოვლენა.

ყველა მიხვდა, რომ სტუდიაში მოვიდა ახალი, ძალიან ძლიერი, ნიჭიერი რეჟისორი და მართლაც, მთელი მისი გზა მოფენილი იყო ისეთი კარგი ფილმებით, როგორიცაა „მიმინო“ „აფონია“ და სხვ.

ერთხელ ბონდარჩუკმა თქვა: ყველა მისი სურათი ქართულია, იმიტომ რომ მას ისეთი იუმორი და ადამიანების მიმართ ისეთი სიყვარული აქვს, რაც მხოლოდ ქართველებისათვისაა დამახასიათებელიო.

აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მას ოჯახიც განსაკუთრებული ჰქონდა. მამა ინჟინერი ჰყავდა. რკინიგზა, რომელიც მიდის ვლადივოსტოკში, მამამისის აგებულია. დედა არაჩვეულებრივი ადამიანი, ვერიკო ანჯაფარიძის და გახლდათ. როცა დედა გარდამეცვალა, ის სულ მირეკავდა და მეუბნებოდა, ჩემთან მოდი, უჭმელი არ დარჩეო. მეც სულ დავდიოდი ამ თბილ ოჯახში. ღმერთმა მისცეს ჩემს მეგობარს ჯანმრთელობა, რომ კიდევ დიდხანს გაახაროს თავისი მაყურებელი.

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი დანელია და ნიკიტა მიხალკოვი
გიორგი დანელიას სევდიანი კომედიები: მეგობრები იხსენებენ - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია და ნიკიტა მიხალკოვი

— ბატონო კახი, ცნობილია, რომ ბატონ გია დანელიას ბავშვობიდან იცნობთ და თბილისში მისი ოჯახის ხშირი სტუმარიც იყავით… 

მსახიობი კახი კავსაძე, მეგობარი: გიას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემზე ხუთი წლით უფროსია. მისი ნათესავები ანჯაფარიძეები ჩემი მეზობლები იყვნენ. გიას ოჯახი ხშირად დადიოდა მათთან და ერთმანეთს სწორედ იქ ვხვდებოდით. შემდეგ გია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

ჩვენი ურთიერთობა წლების მერე აღდგა. მოსკოვში რომ ჩავდიოდი, ერთმანეთს ზურიკო წერეთლის სახლში ვხვდებოდით. იქ მუდამ ვქეიფობდით.

თხუთმეტიოდე წლის წინ, ერთ დღესაც, ქეიფის დროს გიას დაჟინებული მზერა შევამჩნიე — ისე მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა. მოულოდნელად მკითხა, რატომ არ მონაწილეობ არც ერთ ჩემ ფილმშიო. გამეცინა. იმ მომენტში ჩემ გვერდით ნიკიტა მიხალკოვი იჯდა, მივუტრიალდი მას და ვკითხე, თქვენმა რეჟისორმა მკითხა, ჩემ რომელიმე ფილმში რატომ არ მონაწილეობო და მირჩიეთ, რა ვუპასუხო-მეთქი. ყველა გაჩუმდა. ნიკიტა ხან მე მიყურებდა, ხან გიას გახედავდა. ბოლოს მიპასუხა, ასე უთხარით, რომ ის არასწორად, ანუ სხვაგან იყურებოდაო. მივბრუნდი გიას და გავუმეორე, შენ ფილმებში იმიტომ არ ვმონაწილეობ, რომ შენ სხვაგან იყურებოდი-მეთქი. რაც რუსულად ასე ჟღერდა: Ты не туда смотрел. იქ ამბავი ატყდა... ხალხი სიცილით გაიგუდა. 

© photo: Sputnik / Лев Иванов / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდა გიორგი დანელია
გიორგი დანელიას სევდიანი კომედიები: მეგობრები იხსენებენ - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა გიორგი დანელია

მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე: მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომელსაც მოუწია გია დანელიასთან მუშაობა. სანამ შევხვდებოდი, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვინ იყო გია დანელია, მისი ფილმებიც ნანახი მქონდა.

ერთ დღესაც მისმა ასისტენტმა დამირეკა და მითხრა, ბატონ გიას თქვენი ნახვა სურსო. ფილმისთვის კასტინგი მაშინ სასტუმრო „საქართველოში“ მიმდინარეობა. მივედი და ველოდები, როდის დამიძახებენ. ამ დროს გამოდის ბატონი გია და მეუბნება, თქვენ უკვე დაგამტკიცეთ, არავითარი სინჯი არ გჭირდებათ, მადლობელი ვარ, რომ დამთანხმდით და აქ მოხვედით, ახლა წადით და დაისვენეთ, გადაღებები როცა დაიწყება, შეგეხმიანებითო.

მუშაობას ძალიან მალე შევუდექით. სანამ ჩემი გმირის მონაწილეობით გადაღებას დავიწყებდით, მოვიდა და მოკრძალებით მეუბნება, აი, „ქორწილში“ რომ პორტრეტი შექმენით, ისეთი სახე მინდა ჩემთანაც შექმნათო. მეწყინა. საერთოდ ვცდილობ, ჩემი თავი არ ვითამაშო, ან უკვე ნათამაშევი სახე სხვა ფილმში არ გავიმეორო. ვთხოვე (ახლაც მიკვირს, როგორ გავუბედე ამის თქმა), მოდით, მე ჩავიცვამ, გრიმს გავიკეთებ და ისე გეჩვენებით, თუ ჩათვლით, რომ არ ვარგა, როგორც მეტყვით, ისე გავაგრძელებ, მთავარია, რომ თქვენთან ვარ და თქვენ ფილმში უნდა ვითამაშო-მეთქი. 

გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ცისკარიძე: გიორგი დანელიას ფილმები – ეს არის ქართული ისტორია

წავედი, მოვემზადე და უკვე სახეშეცვლილი დავენახე. დანელიას იმდენად მოეწონა ეს ახალი სახე, რომ ფილმშიც ისეთივე დამტოვა, როგორიც მინდოდა.

შეიძლება, მისთვის მე ერთი რიგითი მსახიობი ვარ, მაგრამ ჩემთვის ის განუმეორებელი, გამორჩეული ადამიანია. ვეფერები, ვკოცნი, ვეხუტები საქართველოდან და გულწრფელად ვეუბნები: მე თქვენ ისეთი ბედნიერება მაჩუქეთ, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

ერთ-ერთი ინტერვიუში კითხვაზე, თუ როგორ აფასებს რეჟისორი თავის ფილმებს, გიორგი დანელია პასუხობს:

„ხუთიანებს ვუწერ ფილმებს, რომლებიც, ჩემი აზრით, „გამოვიდა“, ესენია: „არ დაიდარდო“ და „შემოდგომის მარათონი“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ მათში მეტი აღმოჩენაა. ფილმის საუკეთესო სცენარი კი ალბათ „იღბლიანი ჯენტლმენები“ იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე. მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ ყველა რეკორდი „აფონიამ“ მოხსნა. ხოლო წარმატების მარათონი „მიმინომ“ დაიპყრო. იმიტომ რომ მას ჰქონდა ოთხი ტირაჟი და უამრავი ჩვენება ტელევიზიით“.

 

ყველა ახალი ამბავი
0