თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში ქართველი რეჟისორის, თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თევზაობა" Monkey Bread Tree Film Awards-ის ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ფესტივალის ჟიურის წევრმა და დირექტორმა ბენ რაიდერმა ქართული ფილმის „პოეზია, ჰარმონია და ქორეოგრაფია“ ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, აბას კიაროსტამის და ასევე „ოსკარზე“ ნომინირებული პოლონელი კინორეჟისორისა და კინოდრამატურგის, კშიშტოფ კესლოვსკის სტილს შეადარა.
„პოლონური კომედიის სტილისკენ განსაკუთრებით ფილმის მეორე ნაწილი იხრება, რადგან მასში არის თავისებური დამცინავი სოციალისტური კომედიური ელემენტი, რომელიც ერთდროულად არის ბნელიც და საინტერესო. ის გვაგონებს აწგარდაცვლილი კშიშტოფ კისლოვსკის ნამუშევარს, მაგალითად, ფილმს „სამი ფერი: თეთრი“... მიმაჩნია, რომ რეჟისორი ოსტატურად იყენებს კინემატოგრაფიულ ინსტრუმენტებს. სწორედ ამიტომაც ის, ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებულია. და ეს შესანიშნავად ჩანს მის ფილმში“, - განაცხადა რაიდერმა.
ფილმი „თევზაობა“
„თევზაობა" — საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქცია. ფილმი ნარკოპოლიტიკას, პოლიციელების სისასტიკეს, მართლმსაჯულებასა და ძალადობას ეხება. ფილმში მონაწილეობენ იმედა არაბული, ნიკა გორდეზიანი, გიორგი აბზიანიძე, მზია არაბული, თამარ ბზიავა, აფრობერტ კობერიძე, გიორგი ცხვედიანი და სხვ.
ფილმ „თევზაობას“ უკვე საკუთარი საფესტივალო ისტორია გააჩნია. 2018 წელს თორნიკე ბზიავას ფილმი კლერმონ-ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნულ კონკურსში მოხვდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი Festival International du court metrage Clermont-Ferrand, რომელიც 1979 წელს დაფუძნდა, დღეისათვის მოკლემეტრაჟიანი კინოფილმებისადმი მიძღვნილი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმია მსოფლიოში.
ვინ არის თორნიკე ბზიავა
რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი თორნიკე ბზიავა — ცნობილი კინორეჟისორისა და სცენარისტის სიმონ (სიკო) დოლიძის შვილიშვილი და ქართველი თეატრალური რეჟისორის ქეთი დოლიძის შვილია. როგორც მსახიობი, იგი გადაღებულია ფილმებში — რუსუდან ჭყონიას „გაიღიმე", ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცები", რენი ჰარლინის „აგვისტოს ხუთი დღე", ზაზა ურუშაძის „სამი სახლი", ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით" და ა.შ. იგი რეჟისორია ფილმებისა: „თბილისური სიყვარულის ისტორია", „ბუდე", „აპრილის სუსხი" და სხვა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტების კურსდამთავრებულმა თორნიკე ბზიავამ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც შეისწავლა ინგლისური ენა და ლიტერატურა. სარეჟისორო ოსტატობაში მასტერ-კლასები ლონდონში ინგლისელ რეჟისორ პიტერ ბრუკთან და ასევე ოლეგ ტაბაკოვის სკოლა-სტუდიაში გაიარა.
კლერმონ-ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობა თორნიკე ბზიავამ მესამედ მიიღო. 2010 წელს ქართველმა რეჟისორმა საფრანგეთში საკუთარი ფილმი „აპრილის სუსხი" წარადგინა, რომელიც ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა, ხოლო 2016 წელს მისმა ფილმმა „მექელეხე" მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.
კინოჯილდო The Monkey Bread Tree-ს შესახებ
The Monkey Bread Tree Film Awards-ი მის დირექტორთან, ბენ რაიდერთან ერთად მოწოდებულია წაახალისოს რეჟისორები, მათ შორის დამწყები, რათა მათ ძლიერი დამოუკიდებელი კინო შექმნან. ფესტივალს გააჩნია საკმაოდ საინტერესო კონცეფცია - ჯილდოები გადაეცემა ფილმის ბიუჯეტის მიხედვით. კერძოდ, კატეგორიებისთვის 5 ათას დოლარზე ნაკლები, 5-10 ათასი დოლარის და 10 ათას დოლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე ფილმებისთვის. ფესტივალს ყოველ სეზონზე ახალი ჟიურის წევრები ჰყავს. ეს იმისთვის, რომ კინოკრიტიკოსთა შეფასება და თვალსაზრისი ყოველთვის მიუკერძოებელი და ობიექტური იყოს.
ბექა წიქარიშვილი დააპატიმრეს >>
„ეს იქნება დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი თუ დრამა ლუდის ხარშვის შესახებ, რომელიც ოთხ საათზე იწყება, ჩვენი ჟიური მოულოდნელად ელოდება შესაძლებლობას ნახოს და მოიწონოს თქვენი პროექტები“, - ნათქვამია ჯილდოს ვებგვერდზე.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება ფესტივალის სახელწოდებას. მისი სახელი წარმოიშვა აფრიკული ხისგან, რომელიც ზიმბაბვეში იზრდება. ფესტივალის დირექტორი დაიბადა სწორედ ამ ქვეყანაში, რომელიც აფრიკის სამხრეთში მდებარეობს.