თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო გახდა „ქვეყანა ფოკუსში" მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Internationale Kurzfilmtage Winterthur, რომელიც შვეიცარიის ვინტერტურში 6-11 ნოემბერს გაიმართება.
ვინტერტურის ფესტივალი შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია. აქ იმართება კონკურსი ორ ნომინაციაში: საერთაშორისო კონკურსი და ეროვნული კონკურსი. საერთაშორისო პროგრამაში მთავარი პრიზია 12 ათასი აშშ დოლარი, ხოლო წამახალისებელი – 10 ათასი.
ფესტივალი კატეგორიაში „მოკლე მეტრი" გასცემს კვალიფიკაციას „ოსკარის" პრემიაზე. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების გამარჯვებულები შეიძლება ნომინირებული იყვნენ „ოსკარის" პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი" (დოკუმენტური ფილმების გარდა).
კინოფესტივალის ფარგლებში იმართება შემოქმედებითი შეხვედრები, სემინარები, დისკუსიები, სასწავლო და გასართობი ღონისძიებები, სპეციალური ჩვენებები, მუსიკალური პროგრამები და სხვ.
როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ვინტერტურში ქართული კინოს რესტროსპექტივაში დაგეგმილია სამი პროგრამა - Georgian Rebels („ქართველი მეამბოხეები"), Recording Georgia („საქართველოს ჩაწერისას") და Impressions from Home („შთაბეჭდილებები სახლიდან").
ფესტივალის სტუმრები იხილავენ ქართველი კინემატოგრაფისტების მოკლემეტრაჟიან ფილმებს: „აპრილის სუსხი", „დადუმებულები", „ლეთა", „მამა", „სამი საფეხური", „ანასირმას სახარება", „სოციუმის პატიმარი", „აპოლო ჯავახეთი", „ცურვა", „აღმაშენებლის საქართველო", „ზამთარი, რომელიც არ ყოფილა".
რატი წითელაძის ფილმი „სოციუმის პატიმარი" ფესტივალის საერთაშორისო კონკურსშიც იღებს მონაწილეობას.
პროგრამაში Georgian Rebels წარმოდგენილი იქნება 1960–70 წლების ქართული კინო - გიორგი შენგელაიას „ალავერდობა", მიხეილ კობახიძის „ქოლგა", ოთარ იოსელიანის „აპრილი".