ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაშა ჟვანიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის საქველმოქმედო ფონდში დაბრუნება გადაწყვიტა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ თავის Facebook–გვერდზე დაწერა, რომ 1 მაისს თანამდებობას ტოვებს. 

სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია და დიმიტრი გაბუნია თანამდებობებზე ოფიციალურად წარადგინა>>

ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას სათავეში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, 2018 წლის 18 დეკემბერს ჩაუდგა.

„მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს - მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია“, – დაწერა ჟვანიამ.

გადადგომისთანავე ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის საქველმოქმედო ფონდში დაბრუნებას აპირებს, რომელსაც გასული წლის ბოლომდე ხელმღვანელობდა.

„ახალი დავალებაც გვაქვს - ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებასა და ხელშეწყობაზე. კონკრეტულ პროგრამას წარვუდგენთ ფონდის მმართველ საბჭოს“, – აღნიშნა ჟვანიამ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქს ქართულ დიასპორასთან შეხვედრებზე ესაუბრა

ლაშა ჟვანია საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. 1995-1997 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციები ეკავა. იყო საქართველოს კონსული (1998 წელი) ისრაელში. 2002–2003 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2003 წლის ნოემბრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (სალომე ზურაბიშვილის) მოადგილე. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში.

ლაშა ჟვანია საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, სანამ 2008 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი არ გახდა. თანამდებობის დატოვების (2009 წლის 21 აგვისტო) შემდეგ დააარსა კომპანია Global Uni Group.

პატრიარქის საქველმოქმედო ფონდს ჟვანია 2010 წელს ჩაუდგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0