თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა, რომ ქვეყანაში მედიაგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება.
საქართველომ პრესის თავისუფლების რეიტინგით სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო>>
საქართველომ წელს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილ პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილი დაიკავა და ამგვარად საკუთარი შედეგი ერთი პოზიციით გაიუმჯობესა.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ თავისუფალი მედიაგარემო. ფაქტია, რომ მედიაგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება და ამას მთელი მსოფლო ნათლად ხედავს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა პროგრესისკენ“, – განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.
პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ქვეყნები გახდნენ ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და დანია.
ყველაზე ცუდი მდგომარეობაა თურქმენეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ერიტრეაში, ჩინეთსა და ვიეტნამში.
საქართველომ რეიტინგში გაუსწრო თავის ყევლა მეზობელს. სომხეთმა დაიკავა 61-ე ადგილი, აზერბაიჯანმა – 166-ე, რუსეთმა – 149-ე, ხოლო თურქეთმა – 157-ე ადგილი.