დღეს ჩვენ ვაპირებდით დაგვემთავრებინა საუბარი „ადრენალინურ დაღლილობაზე“, მაგრამ გადავწყვიტე, შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
წინა კვირაში მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „აუტიზმი. გამოწვევები და გამოსავალი“. საქართველოდან მას მხოლოდ ერთი მონაწილე — ჩვენი ინტეგრაციული მედიცინის ცენტრის Miraculum-ის ხელმძღვანელი ანდრეი მაქსიმოვი ესწრებოდა.
46 მომხსენებელი, ორი მასტერ-კლასი, მშობლებისა და ექიმების რვა გუნდის სპეცსესია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების სამედიცინო დახმარების საჭიროებების განსაზღვრისათვის, ბიზნესის წარმომადგენლების მრგვალი მაგიდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების შრომისუნარიანობის პერსპექტივების შესახებ.
ანდრეი მაქსიმოვი დარწმუნებულია, რომ კონფერენციის სახელწოდება ზუსტად ასახავდა იქ მიმდინარე პროცესების არსს. მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები ერთმანეთს უზიარებდნენ როგორც მოსაზრებებს აუტიზმის პრობლემასთან ბრძოლის თაობაზე, ისე მიღწეულ შედეგებს.
კონფერენციაზე წამყვანი მომხსენებლები ამერიკელი და რუსი ექსპერტები იყვნენ, თუმცა ასევე დიდი წვლილი შეიტანეს პრაქტიკოსმა ექიმებმა და მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, უნგრეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდანაც კი, სადაც მთელი კვლევითი ცენტრი მუშაობს აუტიზმთან მიკრობიოტის, მეტაბოლიზმისა და იმუნოლოგიის კავშირის შესწავლაზე.
ანდრეი მაქსიმოვის შთაბეჭდილებებიდან შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: კონფერენციის მრავალფეროვანი თემატიკა ადასტურებს, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში აუტიზმის სამყაროში რევოლუცია მოხდა. საერთაშორისო პრიორიტეტებში შეინიშნება მნიშვნელოვანი ძვრა აუტიზმის ბიოსამედიცინო პრობლემების მიმართულებით. АВА და სხვა კორექციული ჩარევები აუტიზმის მნიშვნელოვან თერაპიულ ელემენტად რჩება, თუმცა აშკარაა – მეორეხარისხოვან ელემენტად.
მსოფლიომ, მტკიცებით მედიცინაზე დაყრდნობით (აშშ-ში ბოლო ათ წელში, ხოლო რუსეთში — ხუთ წელში), გააკეთა მთავარი დასკვნა: ჯერ უნდა განვკურნოთ, თუნდაც არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, და მერე ვიმუშაოთ ქცევით კორექციაზე. ან ეს ყველაფერი პარალელურად უნდა მოხდეს, რა დროსაც ინტეგრაციულ მედიცინას უპირატესი როლი დაეკისრება.
უნდა ითქვას, რომ ამ მოსაზრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, ევროპასა და სხვა ქვეყნებში ყველა არ იზიარებს და მხარს არ უჭერს. ზოგჯერ ამის მიზეზი უცოდინრობაა, ზოგჯერ კი პირადი ინტერესებიც.
საქმე ისაა, რომ ტრადიციული თერაპიის სფეროში ძალიან დიდი ფული ტრიალებს — იქნება ეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თუ სპონსორებისა და მშობლების ფული, მუშაობს არაერთი კვლევითი და საქველმოქმედო ორგანიზაცია, ჩართულია უამრავი სპეციალისტი და ჩინოვნიკი.
მაგრამ მიღწეული პრაქტიკული შედეგების ფონზე წინ აღუდგე აუტიზმის პრობლემის ახლებურად გააზრებას, ნიშნავს იცურო დინების საწინააღმდეგოდ. საბოლოოდ მშობლები მაინც გაიკვლევენ გზას. მაგრამ დაგვიანებას ხომ პრობლემის დროულად მოგვარება სჯობს.
რაღა თქმა უნდა, АВА-ს არავინ აკნინებს. ის არის და ყოველთვის იქნება აუტისტ ბავშვებთან მუშაობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მაგრამ კონფერენციაზე ხილულად გამოჩნდა, რომ პრიორიტეტები თავად კორექციული თერაპიების სფეროშიც შეიცვალა და მიმართულია საგანმანათლებლო (სკოლა) და სოციალური ინკლუზიისკენ, აუტისტების მოსამზადებელი მეთოდიკებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ.
აუტიზმი, განსაკუთრებით, მძიმე შემთხვევებში — ეს არის ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემების კვინტესენცია. და ის ალგორითმები, რომლებიც აუტიზმთან ბრძოლაში გვეხმარება, ეფექტურია სხვა დარღვევების დროსაც – დაწყებული ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომით, რეაქტიულობის ოპერატიული მარაგითა და განვითარების სხვა დარღვევებით, გაგრძელებული ეპილეფსიით და დასრულებული შაქრიანი დიაბეტით, ალცჰეიმერის დაავადებითა თუ ისეთი მეტაბოლური პრობლემებით, როგორიცაა გაცხიმოვნება.
კონფერენციის სპიკერებმა არაერთხელ წარმოაჩინეს, როგორ უკვალავს გზას კაცობრიობას სხვა ქრონიკული დაავადებებისა და პათოლოგიების განკურნებისკენ აუტიზმის ბიოსამედიცინო პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლა.
ამ მცირე ბლოგში შეუძლებელია გიამბოთ თუნდაც ყველაზე შთამბეჭდავი მოხსენებების შესახებ. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე https://www.facebook.com/autism.ge.
ახლო მომავალში კი დაინტერესებული მშობლებისთვის ვგეგმავთ კონფერენციას, სადაც მათ მსოფლიო კვლევების ძირითად მიმართულებებზე, თანამედროვე თეორიებსა და პრაქტიკაზე ვესაუბრებით.