ადამიანს ან ცუდად სძინავს და სერიოზული ავადმყოფობა აქვს, ან ცუდად სძინავს და უძლურია ახალი დაავადებების მიმართ. თუ ძილის რთული და მუდმივი დარღვევები ქრონიკული პათოლოგიებითაა გამოწვეული, აუცილებელია მათი მოგვარება.
წინამდებარე სტატიაში გესაუბრებით მხოლოდ ზოგად რეკომენდაციებზე, რათა ძილს პატივით მოეკიდოთ და არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა.
ხარისხიანი და სრულყოფილი ძილი აუცილებელია ნებისმიერისთვის, ბავშვი იქნება თუ ზრდასრული. ძილი ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა — გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, ჰორმონალურ თუ იმუნურ სისტემაზე. მაგალითად, თუ ადამიანს ცუდად ან არასაკმარისად სძინავს, ის ხშირად ხდება ავად, გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა იწელება, ხოლო რემისიის პერიოდი მოკლდება.
რატომ ?
ძილის დროს სინთეზი აქტიურდება და იმუნური სისტემის უჯრედების კონცენტრაცია იზრდება. თქვენ გძინავთ, ხოლო თქვენი ორგანიზმი ამ დროს „საბრძოლო მასალას“ იმარაგებს ხვალინდელი დღისთვის. ძილის დროს ამ უჯრედების აქტივაციით იზრდება მათი უნარი, მიემაგრონ დაავადებულ უჯრედებს, გაანადგურონ ვირუსები და ბაქტერიები. იმუნური სისტემის ღამის აქტიურობა განსაკუთრებით ეფექტურია.
როცა თქვენ ტკბილად გძინავთ, ამ დროს „იმუნური მახსოვრობა“ იმარაგებს. იმუნიტეტი შეიმუშავებს, იმახსოვრებს და ალაგებს ინფორმაციას ყველა ანტიგენის მიმართ, რომელსაც დღის განმავლობაში შეხვდა; იმახსოვრებს ინფორმაციას ყველა შესაძლო ინფექციის მიმართ, რათა მომავალში სწრაფად ჩამოაყალიბოს იმუნიტეტი ამა თუ იმ დაავადების მიმართ.
ეს ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ ღრმა ძილის ფაზის დროს. თუ ფხიზელი ძილი გაქვთ, ხშირად დგებით, უყურებთ ტელევიზორს და ა.შ., ჩათვალეთ, რომ თქვენ იმუნურ არქივში დიდი ქაოსია.
ეს მექანიზმი დევს აცრებშიც, რაც შანსს აძლევს იმუნურ სისტემას, დაიმახსოვროს „მტერი“ და აღარ დაუშვას მისი შეღწევა ორგანიზმში. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ აცრის შემდეგ ბავშვმა მშვიდად და ღრმად იძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აცრა იქნება უშედეგო.
ძილში სინთეზირდება ზრდის ჰორმონი, სტიმულირდება ჰუმორალური და უჯრედული იმუნიტეტი. პირველი ებრძვის უჯრედშიდა ანტიგენებს, მეორე — გარე ანტიგენებს. ორივე ერთად კი უზრუნველყოფს ორგანიზმის კომპლექსურ დაცვას.
ძილი — ეს არის „ტვინში დიდი დასუფთავების“ დრო. იმუნურ „დამლაგებელს“ გამოჰყავს ტვინიდან დღის განმავლობაში დაგროვილი სიბინძურე: ანტიგენები, პათოგენური ცილები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები.
იყავით ფრთხილად: თუ ძილის წინ ნახშირწყლებს მიირთმევთ, თუნდაც ხილს, თქვენი ორგანიზმი მისი მონელებით დაკავდება და ტვინის დასუფთავებისთვის დრო აღარ დარჩება.
სხვათა შორის, ალცჰაიმერის დაავადება ტვინში B-ამილოიდების (მუტირებული ცილის) დაგროვებით პროვოცირდება, ამიტომ „ღამის წმენდისთვის“ აუცილებელია გქონდეთ კარგი და რეგულარული ძილი, განსაკუთრებით, თუ ასაკში ხართ.
ნუ უგულებელყოფთ ელემენტარულ რეკომენდაციებს:
- სრულფასოვანი ძილი საშუალოდ 8 საათს უნდა შეადგენდეს;
- საკვები ძილის წინ მინიმუმ სამი საათით ადრე უნდა მიიღოთ;
- ძილის წინ არ უნდა მიიღოთ ნახშირწყლები;
- დაიძინეთ სრულ სიბნელესა და სიჩუმეში.
თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, ჯანმრთელობის მხრივ ბევრი უსიამოვნებისგან გათავისუფლდებით.
მომდევნო სტატიაში გიამბობთ „ადრენალინური დაღლილობის სინდრომის“ შესახებ, ანუ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ანგრევს უმართავი სტრესი ორგანიზმსა და იმუნიტეტს ფიზიოლოგიურად.