საქართველო და რუმინეთი, შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ

© photo: Government of Georgia / FBმამაუკა ბახტაძე და ვასილიკა ვიორიკა დენჩილესთან
მამაუკა ბახტაძე და ვასილიკა ვიორიკა დენჩილესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერი ორშაბათს ერთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა ბუქარესტში, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბუქარესტში გამოვიდა ინიციატივით საქართველოს და რუმინეთის ურთიერთობებს სტრატეგიული დონე მიენიჭოს.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მთავრობის მეთაურმა რუმინელ კოლეგა ვასილიკა ვიორიკა დენჩილესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უმაღლეს დონეზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაახმოვანა.

„ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს - ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ღიად ვაფიქსირებთ. სწორედ საერთო ძალისხმევით და ურთიერთობების სტრატეგიულ განზომილებაში გადაყვანით მოვახერხებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განვითარებას, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რომლებიც, როგორც რუმინეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მართლაც სტრატეგიულია“, - აღნიშნა ბახტაძემ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთთან საბორნე მიმოსვლის გაფართოების მომხრეა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პოლიტიკური დიალოგი დღეს უმაღლეს დონეზეა, აღნიშნა პრემიერმა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს ამბიციური დღის წესრიგი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერმა გამოარჩია შეხვედრა, რომელიც მარტში ბუქარესტში გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოამზადეს  ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია ერთობლივი შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ.

„ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერ კიდევ „საქართველოს რკინიგზაში" მუშაობის პერიოდში ვიყავი ამ ახალი დერეფნის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამ ძალიან დიდი იდეის რეალიზაცია ხდება ეტაპობრივად“, - განაცხადა ბახტაძემ, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პორტებისა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში შენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც, ბახტაძის თქმით, „ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ცერემონია - Sputnik საქართველო
პრემიერი: ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვასილიკა ვიორიკა დენჩილემ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და განმტკიცების მნიშვნელობა აღნიშნა და ქართველ კოლეგას შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი და დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა გახდება კიდევ უფრო ძლიერი და როგორც ქართველი, ასევე რუმინელი ხალხისთვის ძალიან სასარგებლო შედეგებს გამოიღებს“, - აღნიშნა დენჩილემ.

მხარეებმა კულტურისა და განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა აღნიშნეს. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოსა და რუმინეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა ვალერ დანიელ ბრეაზამ.

საქართველოს და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში.

თანამშრომლობის ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი. საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 267,1 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა მიაღწია თითქმის 58 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტმა - 209,2 მილიონ დოლარს.

ყველა ახალი ამბავი
0