თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით გახშირდეს საბორნე გადაზიდვები ბათუმის პორტიდან რუმინული პორტ კონსტანცას მიმართულებით.
საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 2014 წლიდან არსებობს. ბორნებით გადაჰყავთ მგზავრები, ასევე გადაიზიდება მშრალი ტვირთები. დღეისათვის გადაზიდვების სიხშირე კვირაში ერთ ბორანს შეადგენს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიგრძნოთ მეტი სიახლოვე ევროპასთან და ამისათვის ყველა გზა გამოვიყენოთ. ერთ-ერთი არის საბორნე მიმოსვლის აღდგენა - კონსტანცა-ბათუმის ბორნის პროექტი და ფოთის, რომლითაც დაინტერესებულნი არიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ზურაბიშვილმა ბრიფინგზე შეაჯამა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის შედეგები. ეს სახელმწიფოს მეთაურის რანგში მისი პირველი ვიზიტი იყო.
ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა გამართა მოლაპარაკებები ევროსაბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებთან დონალდ ტუსკთან და ჟან-კლოდ იუნკერთან, ასევე ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანთან.
ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაური შეხვდა ევროკომისარს მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის აბრამოპულოსს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელს ფედერიკა მოგერინის, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ევროპარლამენტის ხელმძღვანელს ანტონიო ტაიანის.