თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღტაცებით აკვირდებოდა „ქართველ გოლიათს“ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შაბათს ბათუმში დასრულდა.
ტალახაძემ ამჯერადაც ასახელა საქართველო. ის მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი - მან ბათუმის ტურნირი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო. ორჭიდის ჯამში „ქართველმა გოლიათმა“ 478 ქულა დააგროვა და საკუთარი მიღწევა 4 კგ-ით გააუმჯობესა. გარდა ამისა, ტალახაძემ დაამყარა მსოფლიო რეკორდები ორივე დისციპლინაში - ატაცში აიღო წონა 218 კგ, ხოლო აკვრაში - 260 კგ და ამით საკუთარი შედეგი 3 კგ-ით გაიუმჯობესა.
„გილოცავთ ყველას, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია! ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ახალი მსოფლიო რეკორდების დამყარებას! ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ფედერაციას, სამინისტროს, ჩვენს სახელოვან ძალოსნებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ბათუმში ძალოსნობაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებაში“, - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში Facebook-ზე.
თავად ჩემპიონმა მცირე კომენტარი გააკეთა.
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო >>
„მადლობა ჩვენ მწვრთნელებს ამხელა შრომის ჩადებისთვის, მადლობა ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ექიმებს ძალიან დიდი მადლობა. ყველა გვერდით გვიდგას, რომ შედეგი გავაკეთოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მადლობა გულშემატკივარს, გადაჭედილ დარბაზს, რომელიც სპორტსმენზე ძალიან კარგად მოქმედებს. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ასეთი სიხარული ბევრი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას და მთლიანად საქართველოს. ღმერთის წყალობით, წინ მივიწევთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
სპორტსმენმა ასევე თავისი წარმატების საიდუმლო გაამხილა.
„მწვრთნელების გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ, რასაც მწვრთნელები შეუკვეთავენ, მეც იმ წონისთვის მზად ვარ, რომ მივიდე, დავძლიო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი“, - განაცხადა ტალახაძემ.
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს - ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ადრე კონტინენტური პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა რევაზ დავითაძე (-89 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები - გოგა ჩხეიძე (-67 კგ) და ანტონ პლესნოი (-96 კგ).
ლაშა ტალახაძისთვის მომდევნო სერიოზული შეჯიბრი იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში 16-25 სექტემბერს გაიმართება.
ბოლო სამ მსოფლიო პირველობაზე უცვლელი გამარჯვებული ტალახაძე იყო.