თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურები და მონიტორინგისა და პროგნოზირების ახალი სისტემა გაჩნდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო საქართველოში ავტომობილების და, კერძოდ, ძველი ავტომობილების გამონაბოლქვია. ამას მოწმობს უმაღლესი საკონტროლო ორგანოების ევროპის ორგანიზაციის გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფის კვლევა.
საქართველოს ქალაქები, სადაც ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა ყველაზე მაღალია >>
სულ იქნება შეძენილი და დამონტაჟდება ხუთი თანამედროვე სადგური. ახალი სადგურების გარდა, დაინერგება პროგნოზირებისა და მოდელირების ახალი სისტემა, ასევე ჩატარდება მტკვრისა და მისი შენაკადების ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევები, რაც წყალდიდობის საფრთხის შეფასებას შეუწყობს ხელს. პროექტზე 2 მილიონი ევროა გამოყოფილი.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქსელის გაფართოების შემდეგ და მოდელირების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა არეალებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასება“, - აღნიშნული განცხადებაში.
სადგურების შესაძენად საჭირო თანხა იტალიის მთავრობამ გამოყო. იტალიელი ექსპერტები საქართველოს მუშაობის პროცესშიც დაეხმარებიან.
გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ზომების მიღება ეკოლოგიის გადასარჩენად. ტექნიკური დათვალიერება 2019 წლიდან ყველა სახის ტრანსპორტისთვის სავალდებულო გახდა.
თბილისის მერია, თავის მხრივ, პოპულარიზებას უწევს ეკოლოგიურად სუფთა ელეტრომობილებს, ეტაპობრივად აახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკს და „საცობების" განტვირთვის მიზნით ახალ სატრანსპორტო კვანძებს ქმნის.
ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში 1,2 მილიონზე მეტი ავტომობილია, აქედან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული.