თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ბასილიას გირაო შეუფარდა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იუწყება პირველი არხი.
გირაოს თანხაა 15 ათასი ლარი. ბასილიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ელოდება.
საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს>>
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთში შოტოკანის მეცხრე ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობდა ოთხმა სპორტსმენი, ბასილიამ სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული, ამგვარად, მან 10,4 ათასზე მეტი ლარი მიითვისა, აღნიშნავენ სუს–ში.
„არ ვიცი, ვის აწყობს ოლიმპიური თამაშების წინ ასეთი გასაოცარი რაღაცების მოძიება, როცა ამ კონკრეტულ შეჯიბრებაზე წასული იყო 124 კაცი, რომლის მოძიებაც თავისუფლად შეიძლება. იქ თუ იყო საბუთებზე რამე მდივნის შეცდომა, ამის მოძიებაც ძალიან მარტივია და გაერკვიონ“, – განაცხადა ბასილიამ.
მისი თქმით, ცდომილება ისაა, რომ 10 კაცის ნაცვლად წავიდა 124, ხოლო დაიხარჯა 40 ათასი ლარი.
„მე, რა თქმა უნდა, ბრალდებებზე უარი ვთქვი და არ ვეთანხმები. იმედი მაქვს, ამ ერთ თვეში გაარკვევს გამოძიება სიმართლეს. სასამართლომ დღეს გირაო შემიფარდა 15 ათასი ლარი“, – აღნიშნა ბასილიამ.
სასამართლო მოსმენა 29 მაისს დაინიშნა.
„მე არ დავეთანხმები იმ ბრალდებას, რაც პროკურატურამ წარადგინა და ვფიქრობ, 29 მაისამდე დიდი დროა და გამოძიება იმედია, შეისწავლის, რაში იყო საქმე“, – განაცხადა ბასილიამ.