თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. თბილისში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსს, რომელშიც ძლიერი აფეთქება მოხდა, დაცვის სამსახური დაიცავს.
დღეს დიღმის მასივში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ძლიერი აფეთქება მოხდა. რვა დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, ცარიელი იყო. მეზობლების განცხადებით, ბინა ახლახან გაქირავდა. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია ფასადის კედელი, ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები, დაზიანდა ეზოში მდგომი ავტომობილები.
როგორც ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, კორპუსს მოსახლეობის ნაწილი დატოვებს, რომელთა ბინებიც დაზიანებულია ან საფრთხის ზონაშია.
„მესამე სადარბაზოს მარჯვენა მხარეს ხუთივე სართულზე და მეოთხე სადარბაზოს მარცხენა მხარეს არც ერთ სახლში დღეს მოქალაქეები ღამეს არ გაათენებენ. ამათი აღრიცხვა მიმდინარეობს უბნის სამსახურის შენობაში. მათ, ვისაც აქვს წასასვლელი, წავლენ ახლობლებთან, ვისაც არ აქვს წასასვლელი – გადავიყვანთ სასტუმროში“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა, რომლის თქმით, სულ საუბარია 15-20 ოჯახზე.
დიდუბის გამგებლის განმარტებით, უახლოეს დღეებში ოჯახები უკვე ქირით გადავლენ, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გადაუხდის.
„15-20 ოჯახიდან, რომელ ოჯახსაც არ ექნება წასასვლელი, იმას მე მივხედავ, ანუ გავიყვან ქირით. ვისაც ექნება საშუალება, ის წავა ახლობლებთან. რა თქმა უნდა, ბინის ქირის უზრუნველყოფას აუცილებლად გავაკეთებთ. პარალელურ რეჟიმში მერი და მერის მოადგილეები 10-წუთიანი ინტერვალით იღებენ ინფორმაციას, როგორ მიდის მდგომარეობა და მაქსიმალურად ხდება ყველა უწყების მუშაობის კონტროლი უშუალოდ მერისა და კურატორი მოადგილეების მიერ“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ფასადის კედლის დემონტაჟი. მოროდიორობის თავიდან აცილების მიზნით, კორპუსს 24-საათიან რეჟიმში დაცვის სამსახური დაიცავს.
დიღმის მასივში, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
რაც შეეხება დაშავებულებს, ყველაზე მძიმეა 21 წლის გიორგი ხოშტარიას მდგომარეობა. ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობით შოკშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ მამაკაცს დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები.
„ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცია მოთავსებული, რომელსაც სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. აღენიშნება სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის დაზიანება. დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზულ დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. საქმე გვაქვს დამწვრობით შოკთან. შოკიდან გამოსვლის შემდეგ დაისახება მისი მკურნალობის გზები“, - განაცხადა ქაშიბაძემ.
დაშავებულთა შორის არის რვა თვის ბავშვიც, რომელიც იაშვილის კლინიკაში კიდევ რამდენიმე საათით, შემდგომი მონიტორინგისათვის რჩება და კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს.
„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა რვა თვის გოგონა. შემოსვლისას პაციენტი იყო აბსოლუტურად კონტაქტური. შუბლისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორიაცია ანუ ნაკაწრები. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, სადაც რაიმე პათოლოგიური დარღვევა არ გამოვლინდა. ამჟამად ის კლინიკაში რჩება შემდგომი მონიტორინგისათვის. პაციენტი კიდევ რამდენიმე საათით დაყოვნდება, მდგომარეობა შეფასდება და სავარაუდოდ საღამოსვე გაეწერება ბინაზე“, – განაცხადა იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ნათია თურქაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციაში ადგილობრივი მოსახლეობისა და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.