თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური ყოფნის შედეგებზე გააფრთხილეს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ კონსტანტინიდიმ, ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის კომენტირებისას.
სპეცოპერაცია ბარსელონაში: პრემიერ–მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა >>
მასშტაბური ოპერაცია სახელწოდებით „მერლინ–ტაკა“ ბარსელონაში 4 აპრილს ჩატარდა, რომელშიც ესპანელ პოლიციელებთან ერთად ქართული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შედეგად დააკავეს 100–ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 66 მოქალაქე: 25 ადამიანი ბინების ქურდობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით, ხოლო 41 საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის. სპეცოპერაცია ჩატარდა ბარსელონის ერთ-ერთი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილი ემიგრანტებმა უკანონოდ დაიკავეს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩართული არის, ინფორმირებულია ყველა დეტალზე. სანამ სპეცოპერაცია დაიწყებოდა, ჩვენი კონსული არაერთხელ იყო მისული აღნიშნულ მოქალაქეებთან სხვადასხვა ლოკაციაზე. ეს მხოლოდ კონკრეტულ ადგილს არ ეხება. აუხსნა მათ არსებული ვითარება, კონსულტაცია გაიარა მოქალაქეებთან, მიიღო მათი მხრიდან ინფორმაცია“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სავიზო რეჟიმი მოქალაქემ უნდა დაარღვიოს.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსულო მუშაობს იმაზე, რომ ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, რომლებსაც ბინების ქურდობა ედებათ ბრალად, მათ მიმართ საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.
უვიზო რეჟიმი პანაცეა არ არის - საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს ევროკავშირში >>
ამასთან კონსტანტინიდიმ არასერიოზული უწოდა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპეცოპერაცია უკავშირდება ბარსელონაში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს, რომელიც 25-29 იანვარს შედგა.
„ამ პასაჟის გავრცელება არასერიოზულია. ძალიან გთხოვთ, კომიკურ ჟანრში ნუ გადავიტანთ საკმაოდ სერიოზულ საკითხს“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ.