თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს, ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეპარქიის ცნობით, ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნაპოვნია ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პატივით დაკრძალავენ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დახვრეტილთა სიას საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს. მათივე ცნობით, მასალები პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის „სრულიად არა საიდუმლოდ“ ფურცლებზე 1997–99 წლებში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს, დილიდან რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი მივიდა და ტერიტორიაზე შესვლა ითხოვა. მათი განცხადებით ისინი ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გაურკვევლობაში არიან და დნმ-ის ანალიზსა და განმარტებებს ითხოვენ.