თბილისში ლეგენდარულ მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძეს ძეგლს დაუდგამენ

© photo: Sputnik / Vasiliy Malishev / გადასვლა მედიაბანკშივერიკო ანჯაფარიძე
ვერიკო ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ხელისუფლებამ გენიალური ქართველი მსახიობის ხსოვნის უკვდავყოფა გადაწყვიტა

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. დედაქალაქის მერიამ ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობის - ვერიკო ანჯაფარიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად საუკეთესო სკულპტურული კომპოზიციის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა.

ვერიკო და სოფიკო – სიკვდილზე გამარჯვებული სიცოცხლე>>>

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფებს. კონკურსანტს შეუძლია თავად აარჩიოს მასალა, რომლითაც სკულპტურას შექმნის. თუმცა, კომპოზიციისთვის შერჩეული ადგილი უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსო თემის კონტექსტს და იყოს თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილება.

„პროექტის განხორციელების საერთო  ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 50 ათას ლარს, ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კონკურსის გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ძეგლის შესაქმნელად  გათვალისწინებულია 90 კალენდარული დღე.

კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აქ.

განუმეორებელი ვერიკო ანჯაფარიძე 

სცენასა და ეკრანზე თამაშის შეუდარებელმა ოსტატობამ და განუმეორებელმა ქარიზმამ ვერიკო ანჯაფარიძე თავისი დროის საკულტო მსახიობად აქცია. ვერიკო ანჯაფარიძე სიცოცხლეშივე გახდა ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა და კლასიკოსი. იგი  გამოირჩეოდა რთული და დამოუკიდებელი ხასიათით, ფეთქებადი ტემპერამენტით, მახვილი სარკასტული ჭკუით.  

© photo: Sputnik / Edward Pesovსოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად
თბილისში ლეგენდარულ მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძეს ძეგლს დაუდგამენ - Sputnik საქართველო
სოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად

ვერიკო ანჯაფარიძემ თითქმის 90 წელი იცოცხლა. აქედან 70 წელი სცენაზე გაატარა. მეგობრობდა ფაინა რანევსკაიასთან, სოლომონ მიხოელსთან, მარია ბაბანოვასთან. ვასილ კაჩალოვთან ერთად კითხულობდა სცენაზე „რიჩარდ III“-ს. არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ჩვენმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა 1900 წელს ახალი ასწლეულისადმი მიძღვნილ ზეიმზე პატარა ვერიკო ხელში აიყვანა და XX საუკუნის კეთილ ფერიად გამოაცხადა: „შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში!“

XX საუკუნის კულტურის ისტორიაში საყოველთაოდ სახელგანთქმული მსახიობი უბრალოდ ვერიკოს სახელით შევიდა. 1992 წელს ენციკლოპედიაში "Who is Who" (ლონდონი) ვერიკო ანჯაფარიძე XX საუკუნის ყველაზე გამოჩენილი მსახიობი ქალების ათეულში შევიდა. 

ვერიკო ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ვერიკო ანჯაფარიძის უკანასკნელი ცეკვა

ანჯაფარიძე გამოდიოდა ქუთაისის მეორე სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. 1930 წელს თეატრი თბილისში გადმოვიდა. 1932-33 წლებში ვერიკო ანჯაფარიძე ნ. ოხლოპკოვის ხელმძღვანელობით მოსკოვის რეალისტურ თეატრში თამაშობდა. 1933 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრს დაუბრუნდა. მუშაობდა როგორც მსახიობად, ისე რეჟისორად, 1957-60 წლებში თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი იყო.

კინოში ვერიკო ანჯაფარიძე პირველად 1923 წელს გამოჩნდა. იგი ლექციებს კითხულობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში და თეატრალურ სტუდიებში.

ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წლის 31 იანვარს თბილისში გარდაიცვალა. მსახიობი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ყველა ახალი ამბავი
0