ვერიკო ანჯაფარიძის უკანასკნელი ცეკვა

© photo: Sputnikვერიკო ანჯაფარიძე
ვერიკო ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
6 ოქტომბერს, ვერიკო ანჯაფარიძეს 115 წელი შეუსრულდებოდა. სცენური მომხიბვლელობით, მგზნებარებით, ღრმა ინტელექტით გამორჩეული პროფესიონალის, შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა.

 ვახტანგ კობაიძე

 1959 წელს, 12 წლის ბიჭმა, ვერიკო ანჯაფარიძე პირველად ვიხილე სპექტაკლში „ხეები ზეზეურად კვდებიან“. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ბებიის როლის შემსრულებელი ქალბატონი ვერიკო გახლდათ. ამ დროისთვის ქალბატონი ვერიკო 60 წელს იყო მიღწეული.  ამ წარმოდგენაში დაკავებული იყვნენ მსახიობები: ალე ომიაძე, მედეა ჯაფარიძე, ედიშერ მაღალაშვილი, გიორგი შავგულიძე. სხვათა შორის შავგულიძისთვის მაურისიოს  როლი უკანასკნელი აღმოჩნდა. ეს დადგმა მეხსიერებაში ისე ჩამებეჭდა, რომ მთელი სპექტაკლი დღესაც კინოკადრებივით თვალწინ მიდგას. გადიოდა წლები, შემდეგ იყო სხვა სპექტაკლები მისი მონაწილეობით: კარელ ჩაპეკის „დედა“, სუმბათაშვილის „ღალატი“, კორნეიჩუკის „ხსოვნა გულისა“, იბსენის „მოჩვენებანი“, ჩხაიძის „შთამომავლობა“. ასე გავხდი ამ დიდებული ქალბატონის ფანი. მიუხედავად ასაკის მატებისა, ვერიკო ანჯაფარიძე ყოველთვის მაოცებდა გარდასახვის უნარითა და განუმეორებელი თამაშით. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის წყალობით, ქალბატონ ვერიკოს დავუახლოვდი კიდეც და ის არაერთხელ იყო ჩემი რესპონდენტი.        

 არასდროს დამავიწყდება 1985 წელი, როცა მარჯანიშვილის თეატრს მოსკოვში გასტროლებზე ვახლდი. მცირე აკადემიურ თეატრში სპექტაკლები ანშლაგით მიდიოდა. მოსკოვის თეატრალური ელიტა ყველა ახალ წარმოდგენას ინტერესით ელოდა. სხვა დადგმებთან ერთად მარჯანიშვილელებს რეპერტუარში ჰქონდათ პოლ ზინდენის „გვირილა“, სადაც ვერიკო ანჯაფარიძე დავრდომილი მოხუცის უსიტყვო როლს თამაშობდა. სპექტაკლის კულმინაცია ფინალი იყო. წარმოიდგინეთ, მცირე თეატრის გადაჭედილი დარბაზი და მაყურებელთა ხანგრძლივი ოვაცია,- ამ ფონზე კი ინვალიდის ეტლიდან ფეხზე წამომდგარი ნენე-ვერიკო, რომელიც „კანკანს“ ცეკვავს… ეს იყო ვერიკო ანჯაფარიძის ბოლო ცეკვა. ამის შემდეგ ორ წელსაც არ გაუვლია, — 1987 წელს, 87 წლის ასაკში ქალბატონი ვერიკო გარდაიცვალა. ქართულმა სცენამ დაკარგა ვირტუოზი, რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა მსოფლიოს თეატრალური სამყარო, რომელმაც დიდ ქართველს ყველა დროის ათ საუკეთესო მსახიობს შორის დამსახურებულად მიუჩინა საპატიო ადგილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0