თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით უწყების ხარჯების შესახებ.
მიმდინარე წელს საქართველოში ათობით სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინებს>>
„ჩვენ პრინციპული რეფორმების შედეგად შევძელით ის, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინდა გითხრათ, თუ რა კომპონენტებია მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ეს არის: ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, მუდმივი წვრთნა და ამ ყველაფრის შენარჩუნება, ანუ ინტიტუციური მექანიზმების შექმნა", - აღნიშნა იზორიამ.
მისი განცხადებით, ბიუჯეტის განაწილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისად ხდება. მაგალითად, პერსონალურ და სოციალურ ხარჯებზე ბიუჯეტი 55%-ის ფარგლებშია გათვალისწინებული.
„წელს ჩვენ ამ მიმართულებით 48% გვაქვს. შეიარაღების მიმართულებით გადავაჭარბეთ ნატოს სტანდარტს და გვაქვს 24%... საქართველო ხარჯავს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გონივრულად ხარჯავს ამ 2%-ის ფარგლებში ფინანსებს იმისთვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი", - განაცხადა იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის თავდაცვის ძალების ზუსტი რაოდენობის შესახებ არ საუბრობს. პარლამენტის დადგენილებით, რაოდენობამ 37 ათასს არ უნდა გადააჭარბოს.