თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. კინორეჟისორ გიორგი დანელიას 9 აპრილს მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
დანელია 4 აპრილს 88 წლისა გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა.
დანელიას საფლავი სტანისლავ გოვორუხინისა და ოლეგ ტაბაკოვის საფლავების გვერდით იქნება. დასაფლავების დღეს გაიმართება დიდი რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდი.
დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.
რამდენიმე დღის წინ დანელიას მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეჟისორი თავს უკეთ გრძნობდა. მაგრამ ხუთშაბათს დანელიას ახლობლებმა მისი გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.
გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".