„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება

© photo: courtesy of T.handicraftsხელნაკეთი ბეჭედი
ხელნაკეთი ბეჭედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამუნა ნინუა თვითნასწავლი ხელოვანია. ბავშვობიდან ოცნებობდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე, თუმცა ეს ოცნება გარკვეული მიზეზების გამო ვერ აიხდინა. ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, თუმცა ხატვისთვის თავი არასოდეს დაუნებებია.

ხატავს თეფშებზე, ჩანთებზე, მინიატურულ ნივთებზე, ქარგავს, აკეთებს დეკუპაჟს, მუშაობს ფაიფურზე, რომელსაც საკუთარი მეთოდით ამუშავებს საჭიროებისამებრ. ამასთან საკუთარი ტექნიკით ქმნის შუშის და ქვის სამკაულს. მისი ფანტაზია დაუშრეტელი და უკიდეგანოა.

© photo: courtesy of T.handicraftsთამუნა ნინუა
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
თამუნა ნინუა

- პროფესიით ინჟინერ-პროგრამისტი ვარ, ისე თვითნასწავლი მხატვარ-დეკორატორი გახლავართ. რამდენიმე წლის წინ ახლობელი ადამიანების და ნაცნობებისთვის დავიწყე სამკაულის შექმნა. უკვე სამი წელია ინტენსიურად ვმუშაობ ამ მიმართულებით და მომხმარებლებისთვის სასურველი დიზაინის სამკაულს ვამზადებ.

- ბავშვობაშიც იყავით გატაცებული ხელსაქმით თუ ახლა ისწავლეთ?

- რაც თავი მახსოვს ვხატავ. ექვსი წლის ვიყავი ხილის კურკებისგან ვამზადებდი მძივებს, ჰერბარიუმისგან ვქმნიდი ნახატებს. მაშინ ამდენი სამხატვრო მასალა არ იყო.

© photo: courtesy of T.handicraftsხელნაკეთი სამკაული
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სამკაული

- რატომ მაინცდამაინც სამკაული, რატომ აირჩიეთ ეს ხაზი?

- სამკაული ისეთი ნივთია, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს ნებისმიერ ქალს, ალამაზებს და ამაღლებს მის თვითშეფასებას. სამკაულის ჩუქებისას ნებისმიერი ქალი თავს დედოფლად გრძნობს. თუმცა მარტო სამკაულების ხაზით არ ვმუშაობ. ვმუშაობ ხეზე, მინაზე, დეკორზე, ფაიფურზე, ვქარგავ ჯვარედინით და ლენტებით. მაქვს დეკუპაჟის ტექნიკით დამზადებული თეფშები, ბოთლები, სხვადასხვა ნივთები. ძალიან მიყვარს შერეული ტექნიკით მუშაობა, რის შემდეგაც უფრო საინტერესოა ნივთი.

© photo: courtesy of T.handicraftsხელნაკეთი სამკაული
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სამკაული

- ძალიან მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ, როგორ იბადება იდეები და როგორ მოგყავთ სისრულეში?

- ბევრი იდეა „მაწუხებს“. ხშირად ვფიქრობ, რა მალე გადის დრო, მინდა ყველაფერი მოვასწრო. დღემდე სულ ვცდილობ მეტი ახალი რამე ვისწავლო და ექსპერიმენტები ჩავატარო. ხანდახან, აი უცებ ტრანსპორტში ან სახლში ისეთი იდეა დამებადება, არ მინდა დამავიწყდეს. ამიტომ ყველგან დავატარებ პატარა უბის წიგნაკს, სადაც ვინიშნავ, რომ მერე განვახორციელო.

© photo: courtesy of T.handicraftsხელნაკეთი ბეჭედი
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ბეჭედი

- რას გრძნობთ მათი შექმნის დროს, ეს შემოსავლის წყარო უფროა თქვენთვის თუ ხელოვნება?

- შექმნის პროცესი ყველაზე მეტად მიყვარს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროს არ ვეკუთვნი არავის და არაფერს. ვარ სხვა სამყაროში, სულ სხვა განზომილებაში. დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა იბადება რამე ახალი ნივთი, როცა ვახორციელებ რაიმე საინტერესო იდეას, ან ექსპერიმენტის შედეგით კმაყოფილი ვარ. შემდეგ უკვე კმაყოფილი დამკვეთის მადლიერი მესიჯი მახარებს და ბედნიერებას მანიჭებს. ეს ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. შემოსავალი მჭირდება ისევ მასალის შესაძენად, რომ მეტი და მეტი შევქმნა სხვების გულის გასახარად და ჩემი სიამოვნებისთვისაც.

© photo: courtesy of T.handicraftsხელნაკეთი სამკაული
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სამკაული

- თქვენ ნამუშევრებში ჭარბობს ყვავილების თემა, რატომ მაინცდამაინც ყვავილები?

- ყვავილები ძალიან მიყვარს. ფავორიტია ჩემთვის გვირილა და კესანე. უბრალო, მაგრამ ბუნებრივად ლამაზ ყვავილებს ვანიჭებ უპირატესობას (ადამიანებსაც ამ თვისებებით ვაფასებ). მომწონს მათი ცოცხალი სახით შუშაში შენახვა. ბედნიერებაა, როცა შენ საყვარელ ყვავილს, რომელიც შეიძლება რაღაც სასიამოვნო მომენტსაც გახსენებდეს, ატარებ სამკაულად და სულ გახსენებს თავს. თუმცა არც ხელით ხატვაზე ვამბობ უარს, მაქვს მოხატული ჭიქები და თეფშებიც ყვავილების თემით, თან სასურველი წარწერით.

© photo: courtesy of T.handicraftsხელნაკეთი ბეჭედი
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ბეჭედი

- აკეთებთ ქვების იმიტაციას, რომელიც ძნელად გაირჩევა ბუნებრივი ქვებისგან. ეს ტექნიკა თქვენ თვითონ შეიმუშავეთ?

- ეს ბოლო პერიოდი ინტენსიურად ვმუშაობ ე.წ. ქვებზე, მათ ხუმრობით „თამარის ქვებს“ ვუწოდებ. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ისე მომეწონა მიღებული შედეგი, არ მოვეშვი, გავართულე და ბოლოს იმდენად გავთამამდი, დავიწყე ბუნებრივი ქვების იმიტაციაზე მუშაობაც. იძულებული გავხდი ცოტა რამ შემესწავლა ნამდვილი ბუნებრივი ქვების შესახებ. ძალიან რთულია ზოგიერთი ქვის სახელწოდების  დამახსოვრება, რამაც ცოტა დამაბნია. გავიგე ისიც, რომ ძალიან ხშირად ხდება გაყალბება ბუნებრივი ქვების, გავეცანი ინტერნეტში ფაქტებს, სურათებს. მიხვდი, რომ საქართველოშიც მეტი წილი გაყალბებული ქვები იყიდება, რომელსაც ასაღებენ ბუნებრივად. უმეტესად გამყიდველსაც არ აქვს ინფორმაცია ქვების შესახებ. მე ყოველთვის ვაწერ ჩემ შექმნილ სამკაულს, რომ მასში გამოყენებულია იმიტირებული ქვა. დამზადებული მაქვს იმიტირებული ვარდისფერი კვარცი, ლაზურიტი, ქარვა, ახლა ვმუშაობ ლაბრადორიტის იმიტაციაზე. ქვის ე.წ. სიცივე და წონაც კი ყალიბდება სხვადასხვა ხერხებით. ჩემი ქვების გამეორება იმ ტექსტურით, როგორიც იქმნება, შეუძლებელია. ორ ზუსტად ერთნაირს ვერც ვამზადებ, სწორედ ამიტომ მოსწონთ, რომ არის ექსკლუზიური და ერთადერთი.

© photo: courtesy of T.handicraftsხელნაკეთი ბეჭედი
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ბეჭედი

- ამბობენ, რომ ყველა ქვა განსხვავებული ენერგეტიკის მატარებელია, როგორ ფიქრობთ, ნამდვილად ასეა?

- მიმაჩნია, რომ ქვას აქვს მისთვის დამახასიათებელი თვისებები, მაგრამ თუ ადამიანი არაა დადებითი, ქვის ენერგეტიკა ნამდვილად ვერ გააკეთილშობილებს მას. ასევე ვერც სიმდიდრეს და ქონებას მოუტანს ღარიბს. ქვის ენერგეტიკა გაძლიერდება, თუ ადამიანიც კარგია, მე ასე მჯერა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

© photo: courtesy of T.handicraftsმოხატული ჭურჭელი
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
მოხატული ჭურჭელი

- შეგიძლიათ რაიმე საინტერესო ისტორია გაიხსენოთ, რაც თქვენს სამკაულს უკავშირდება?

- არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა. მწერს ერთი ახალგაზრდა ბიჭი, გვირილებიანი ჭიქა მინდა წარწერით, ოღონდ წარწერა თქვენთვის მომინდიაო. ჩემ შეყვარებულს დავშორდი და მინდა მაგ ჭიქამ ჩემი თავი გაახსენოს და მეტი არაფერიო. გული დამიმძიმდა. თან იმხელა პასუხიმგებლობა დამაკისრა, ტექსტი მე უნდა შემერჩია. იქნება არ შორდებით–მეთქი, შევაპარე… დავიწყე მოხატვა და დაწერა. თან სასიამოვნო მუსიკას ვუსმენდი. წარმოვიდგინე მათი შეხვედრები, ფლირტი, ურთიერთობა, სასიამოვნო ისტორიები, სახალისო თავგადასავლები… მოკლედ, დავმუხტე ჭიქა დადებითი ენერგიით, სიყვარულით და გადავეცი. რომ დახედა ტექსტს, ჩაეღიმა და თავი გადააქნია. ძალიან მაინტერესებდა მათი ამბავი, მაგრამ ისეთი ოფიციალური და მკაცრი იყო თავის გადაწყვეტილებაში, მერიდებოდა რამე მეკითხა. ერთი კვირის მერე მწერს —იცით, ჩვენ ერთად ვართ ისევ და თქვენს ჭიქას არ იცილებს, ამბობს, ეგ ჩემი თილისმააო. ისე გამიხარდა, ისე, რომ ლამის ცაში ავფრინდი სიხარულით. აი, ეგაა ჩემთვის ბედნიერება. არანაირი თანხა ამას არ შეედრება, როგორც ჩემი შვილიშვილის კოცნა-ჩახუტებას, ისე მომხმარებლის ბედნიერ სახეს.

© photo: courtesy of T.handicraftsხელნაკეთი სამკაული
„დავშორდი და მინდა ამ ნივთმა ჩემი თავი გაახსენოსო“: ქართველი ხელოვანის საინტერესო ცხოვრება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სამკაული

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. კერძოდ, ძალიან მალე ვიწყებ ჩემი ე.წ. ქვებისგან სამკაულების ვერცხლის მასალით დამზადებას, კერძოდ, ბეჭდების. არის შემოთავაზება და დაინტერესება ოქროს ბუდითაც მოხდეს ჩამოსხმა. ჩემი ნივთები არის ოთხ მაღაზიაში: „თბილისი მოლი“, ვაკის „პიქსელი“, თავისუფლების მიწისქვეშა გადასასვლელი და ქუთაისის „ქარვასლა“, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს მქონდეს ჩემი საკუთარი მაღაზია. ძალიან მინდა კიდევ რომელიმე ტელევიზიაში მქონდეს გადაცემა და ჩავატარო მასტერ-კლასები. რადგან რამდენიმე მასალაზე ვმუშაობ, მგონი, საინტერესო იქნება ძალიან. შესაძლებელია სხვა ხელოვანი ადამიანების მოწვევა, იდეების გაზიარება, სწავლება სხვადასხვა ტექნიკის. სამწუხაროდ, ბევრ რამეს სპონსორი და დაინტერესება სჭირდება, მთავარია, მე მიყვარს ჩემი საქმიანობა. მომავალში მეტი ახალი იდეების განხორციელება და ამ ექსპერიმენტებით შემქნილი ნივთების დამზადება მაქვს გეგმაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0