თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განმარტა, თუ რატომ არ ცნობს დაზარალებულ მხარედ ზუგდიდის №6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას ნათესავებს, რომელიც 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
არჩევნები და სკოლის დირექტორის გარდაცვალება: განათლების სამინისტრომ დუმილი დაარღვია>>
ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში 2018 წლის 2 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს. მისმა ნათესავებმა ამაში ხელისუფლება დაადანაშაულეს. საქმე ისაა, რომ მანამდე სკოლის დირექტორმა საჯაროდ ისაუბრა მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რათა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაეჭირა სახელისუფლო კანდიდატისთვის. არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კი განათლების სამინისტრომ სკოლაში მასშტაბური შემოწმება ჩაატარა და გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა.
„საქართველოს პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ია კერზაიას ვაჟის ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სკოლის შემოწმება სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ მისმა დედამ უარი თქვა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დახმარებაზე ამომრჩევლის მობილიზებაში იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამინისტროში ვინმე „ლავრენტი ქირიას“ ანონიმური წერილი შევიდა. კერზაიას ახლობლები კი აცხადებენ, რომ ქირია გამოგონილი ადამიანია.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამ დროისთვის დაკითხულია დაახლოებით 30 მოწმე, მიმდინარეობს სკოლის ინსპექტირების შემდეგ შედგენილი დოკუმენტების შესწავლა. გამოძიება გაეცნო ასევე ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას. ესაა დაუმონტაჟებელი ვიდეო ჟურნალისტებისა, რომლებმაც ამ საქმეზე სხვადასხვა ადამიანები გამოკითხეს.
„გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით", – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.