თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ექვსი ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ვინ არის დამნაშავე თბილისში მშენებლობაზე მომხდარ ტრაგედიაში?>>>
აქცია ლოზუნგით „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ" ორშაბათს, საღამოს გაიმართა. საპროტესტო აქცია კვირას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაიგეგმა – ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი „ლეჩკომბინატის" შენობის ფუნდამენტის გამაგრების დროს ჩამოიშალა მიწა და ორი მუშა მოიყოლა. დაიღუპა 25 და 40 წლის ორი მამაკაცი.
მთავრობის ადმინისტრაციიდან აქციის მონაწილეები რუსთაველის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე, ტრაგედიის ადგილისკენ გაემართნენ. მომხდარს ისინი აპროტესტებდნენ პლაკატებითა და ლოზუნგებით – „არა ბიზნესის დიქტატურას!", "მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია!", „კვირა დღე დასვენებას და არა სიკვდილს!".
აქციის ექვსი მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.
„ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც გავიარეთ და უფრო მეტისაც", – აღნიშნა ერთ-ერთმა დაკავებულმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „ტრანსმშენმა", რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
ტრაგედია თბილისში: მაშველებმა მეორე დაღუპული მუშის ცხედარი იპოვეს>>>
„ტრანსმშენის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია „ხიმინჯ–სერვის 2" ახორციელებდა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაც მას უნდა უზრუნველეყო. დაღუპული მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებული.
პოლიციამ უკვე დაკითხა კომპანია „ხიმინჯ–სერვის 2"-ის ხელმძღვანელობა, რომელიც აცხადებს, რომ მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
მუშების დაღუპვის ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რომელიც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა ან სხვა მძიმე შედეგის შემთხვევაში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროფკავშირების მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში სამუშაო ობიექტებზე 39 ადამიანი დაიღუპა და 37 მძიმედ დაშავდა.
2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რათა სამუშაო ადგილზე ყოველი ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს. კანონი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებსაც აწესებს.