საქართველოს სამეფო ოჯახში სკანდალი მძაფრდება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიქართული სამეფო დინასტიის მემკვიდრეების ქორწილი
ქართული სამეფო დინასტიის მემკვიდრეების ქორწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს

თბილისი, 2 აპრილი— Sputnik. საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა - მან ყოფილი მეუღლე თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მათი საერთო შვილის თვალწინ ჩადენილ ძალადობაში დაადანაშაულა.

„სამეფო სახლის“ წარმომადგენლები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან >>

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე 2009 წელს დაქორწინდა. სამეფო ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ქართველმა მონარქისტებმა ამ მოვლენას ისტორიული უწოდეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ეყოლა ვაჟი გიორგი. თუმცა ქორწინება ხანმოკლე გამოდგა - 2013 წელს სამეფო ოჯახმა განქორწინების შესახებ განაცხადა.

„გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ვაპირებთ ჩვენების მიცემას. საუბარია, როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთ ფაქტზე. შესაბამისად, ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და დაასახელოს ყველა ის მოწმე და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეზე არსებობს. ანას სურვილია, პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა და კანონის შესაბამისად დაისაჯოს“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა ელისო რუხაძემ.

ადვოკატებმა გაავრცელეს 2014 წლის 20 მაისის ექსპერტიზა, რომლის თანახმად ანას ჰქონდა დაზიანებული მუხლი, სხეულსა და სახეზე სისხლნაჟღენთები იყო. ყველა ტრავმა ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

თბილისის საქალაქოს სასამართლო - Sputnik საქართველო
„სამეფო თამაშები ბაგრატიონთა კარზე" – ქართველი მეფეების შთამომავლები სასამართლოში მიდიან

„ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მისი არასრულწლოვანი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა“, - აცხადებს რუხაძე.

ოჯახის სხვა ადვოკატის, ლევან გორელაშვილის თქმით, ინციდენტი მოხდა საგურამოში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახლში. იმ დროს ისინი უკვე განქორწინებულები იყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, ანა პარასკეობით, შაბათობით და კვირაობით საგურამოში მიემგზავრებოდა. ბავშვთან ურთიერთობის განრიგი მათ წინასაწარ ჰქონდათ შეთანხმებული.

„ბატონ დავითს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკეტილი ჰყავდა სახლში, ვიდრე არ გაუვლიდა ჩალურჯებები, რაც მას მიადგა ცემის შედეგად. დაზიანებების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნებიც გაგვაჩნია და ეს საქმეშიც დევს. ბოლო ინციდენტი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ბავშვს დღემდე ახსოვს ეს ძალადობის ფაქტი“, - განაცხადა გორელაშვილმა.

ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ანას მიმართ თავისი დამოკიდებულებით მამამისზე, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ზეწოლის მოხდენა სურდა.

სკანდალი ყოფილ ნათესავებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ანამ და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ უკვე ყოფილ ნათესავს საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონო გამოყენებაში დასდეს ბრალი. საპასუხოდ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ეჭვქვეშ დააყენა ანას სამეფო წარმომავლობა და განაცხადა, რომ მისი გვარია სურგულაძე.

„სამოქალაქო დავასთან ძალადობის ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ცალკე სისხლის სამართლის საქმეა. თუმცა, ამ დასკვნის საქმეში წარდგენის მიზეზი ჩვენთვის ძალადობის მოტივია. ქორწინების პირველივე დღიდან, დავითი ანას ოჯახისგან, მისი მამისგან აღიარებას წერილობითი ფორმით ითხოვდა. მათ უნდა ეღიარებინათ დავითის შტო უპირატეს შტოდ ბაგრატიონებისა. მან ვერ აპატია ბატონ ნუგზარს ჯვრისწერაზე წარმოთქმული სიტყვები, რომ გრუზინსკების შტო არის უპირატესი, ასევე, ბავშვის ნათლობაზე წარმოთქმული სიტყვები, რომ ბავშვი სამეფო სისტემას დედის ხაზით მიიღებდა. ის ფიქრობდა, თუკი, ანას ასეთ გაუსაძლის ყოფაში მოუწევდა თანაცხოვრება, აიძულებდა და დაითანხმებდა ნუგზარს, რომ რაიმე ფორმით მიეღო მისგან აღიარება“, - აცხადებს გორელაშვილი.

ქართველი პრინცი იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი მამასთან ბაგრატ ბაგრატიონ მუხრანელთან - Sputnik საქართველო
ბაგრატიონებმა სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს

მამა და მისი ქალიშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოს გზით ცდილობენ აუკრძალონ ორდენების გადაცემა საქართველოს სამეფო სახლის სახელით, რომლის ხელმძღვანელია ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ამასთან, თავად დავითის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ანას მიმართ ძალადობის ბრალდებებს წაგებული მხარის ისტერიკა უწოდა.

„ეს ინფორმაცია ისეთივე სიმართლეა, როგორც ჩვენი ოპონენტების სხვა სიმართლეები... მათ იციან, რომ აგებენ დავას და სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს“, - განაცხადა ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი სიმართლე ვერ იქნება.

„2013 წელს განქორწინების შემდეგ ანა ცხოვრობდა თავის სახლში, და 2014 წელს როგორ აღმოჩნდებოდა დავითის სახლში?.. დავუშვათ, მან მას დაარტყა და ის მივიდა ექიმთან და განაცხადა, რომ სცემეს. მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ თუ ნებისმიერი ადამიანი ძალადობის ნიშნებით მიდის სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმი რას აკეთებს? რეკავს პოლიციაში. იოდითაც კი არ დაამუშავებს, თუ არის ძალადობის ნიშნები. ჩნდება კითხვა, რატომ არ მიმართა ექსპერტმა პოლიციას, თუ კი ძალადობის კვალი დააფიქსირა?“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0