საქართველოს სამეფო გვარის ბაგრატიონ-გრუზინსკების წარმომადგენლები – ნუგზარ ბაგრატიონი და მისი ქალიშვილი ანა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ანას ყოფილ მეუღლეს, საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენებაში სდებენ ბრალს და სასამართლოში უჩივიან.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2009 წელს იქორწინეს. ქორწილი საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველმა მონარქისტებმა ქორწილი ისტორიულ მოვლენად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა. თუმცა დავითისა და ანას ოჯახურმა თანაცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ქართული სამეფო ოჯახი რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში.
ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოში მონარქიის აღდგენას უჭერს მხარს. მეფობის კანდიდატად ნუგზარ ბაგრატიონს მიიჩნევენ, მის მემკვიდრედ კი ანასა და დავითის ვაჟს – გიორგის.
სარჩელის არსი
ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით, 2017 წლის მარტში დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა დიდი ბრიტანეთის დედაფალს ელისაბედ II-ს არწივის ორდენი და იესო ქრისტეს კვართი გადასცა, რაც ბრიტანულ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, დაუკავშირდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს და დაინტერესდა, როგორ შეიძლებოდა ამ ორდენის მოპოვება. იურისტის მტკიცებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ორდენის სანაცვლოდ კონკრეტული თანხა მოითხოვა.
„სარჩელით ვითხოვთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახელით უნებართვოდ სარგებლობა. იგი თავს უწოდებს საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენელ დავით XIII-ს. სინამდვილეში იგი არ არის სამეფო სახლის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის წევრიც კი არ არის და საქართველოს სამეფო სახლის სახელით საუბრის ლეგიტიმური უფლება არ გააჩნია", – აღნიშნა გორელაშვილმა „Sputnik-საქართველოს" ჟურნალისტთან საუბრისას.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი საქართველოს სამეფო სახლისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდას ითხოვს. გარდა ამისა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ეჭვქვეშ აყენებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო წარმომავლობასაც.
„ბაგრატიონ-მუხრანელები ნამდვილად იყვნენ საქართველოს სათავეში. ბაგრატიონთა ამ შტოდან საქართველოს პირველი მმართველი იყო მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი. ვახტანგი საქართველოს მეფემ როსტომ-ხანმა, რომელსაც ძე არ ჰყავდა, მუხრანელი ბაგრატიონების შტოდან იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. მაგრამ წარმოვიდგინოთ, მეფეს ვინმე უბრალო გლეხის შვილი რომ ეშვილებინა, ისიც გახდებოდა მეფე, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს იმ გლეხის ოჯახს სამეფო სახლზე ჰქონდეს პრეტენზია?!" – განაცხადა მან.
„აბსურდული საქმე"
ამასობაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამეფო სისხლისაა.
„რასაკვირველია, ეს აბსურდული სარჩელია. ადამიანი მიდის სასამართლოში და ამბობს, რომ მეფეა და ითხოვს მეორე ადამიანისთვის სამეფო სიმბოლიკით სარგებლობის აკრძალვას. ჩვენი ქვეყნის ბოლო 500-600 წლის ისტორია უბრალო არ ყოფილა. ბატონი დავითი ერთიანი საქართველოს ბოლო მეფის ალექსანდრე I დიდის შუათანა ვაჟიშვილის დემეტრეს შთამომავალია. მას ედავებიან ადამიანები, რომლებიც თავს გიორგი VIII-ის, იგივე გიორგი I-ის - კახეთის მეფის შთამომავლებს უწოდებენ. თუმცა საეჭვოა, რომ ისინი მართლაც მისი შთამომავლები იყვნენ", – განუცხადა ჩხეიძემ „Sputnik-საქართველოს".
ამასთანავე, როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, არ შეიძლება სერიოზულად მოეკიდო ისეთი არაავტორიტეტული გამოცემის სტატიას, როგორიცაა გამოცემა Daily Mail.
„ეს არის გაზეთი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში 236-ჯერ იქნა მხილებული დიდი ბრიტანეთის სარედაქციო კოდექსის დარღვევაში. ეს რომ ყოფილიყო Daily Telegraph-ი ან სხვა სერიოზული გამოცემა, ვიტყოდით, რომ პრობლემა სერიოზულია. ამიტომ არ მოჰყოლია ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება 2017 წელს", – ხაზგასმით აღნიშნა ჩხეიძემ.
მოლოდინი
საქმის არსებითი განხილვა სამშაბათს დაიწყება. სასამართლოში დაიკითხებიან ქვეყნის წამყვანი ისტორიკოსები და მეცნიერები, რომელთაც მოუწევთ დაამტკიცონ ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს კუთვნილება სამეფო სახლისადმი.
საქმეს განიხილავს კოლეგია, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგება, რაც იმის ნიშანია, რომ პროცესი რეზონანსული იქნება. მსგავსი პრაქტიკა პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დიდი იშვიათობაა, მაგრამ ვინაიდან საქმეს მინიჭებული აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, რომელიც სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე იმოქმედებს, სასამართლომ ეს ნაბიჯი გადადგა.