თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. კომპანია „ნილს“, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღებს კვების პროდუქტებით ამარაგებს, რძის პროდუქტების ახალი მიმწოდებელი ჰყავს - სკოლამდელ დაწესებულებებში არაჟანი და ხაჭო დააბრუნეს, იუწყება Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
თბილისის საბავშვო ბაღების რაციონიდან 27 მარტს ამოიღეს ხაჭო, არაჟანი და ყველი, მიზეზი გახდა პროდუქციის შეუსაბამობა დადგენილი ნორმების მიმართ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის 13 საბავშვო ბაღში საკუთარი ინიციატივით აღნიშნული პროდუქტების კვლევა ჩაატარა.
სტანდარტების შეუსაბამობა აღმოჩენილია მხოლოდ ერთ ბაღში. მონიტორინგმა აჩვენა, რომ კომპანია „ქობულეთურის“ არაჟანსა და ხაჭოში აღმოჩენილია მცენარეული ცხიმი, ხოლო ყველში - რძის ფხვნილი.
შეცდომისგან დაზღვეული არავინაა
კომპანია „ნილი“ ყველის ახალ მიმწოდებელს ეძებს, აღნიშნეს სააგენტოში.
კომპანიამ რძის პროდუქტების მიწოდება საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეწყვიტა. ისინი არ გამორიცხავენ ლაბორატორიაში მომხდარ შეცდომას, რადგან ხუთივე ნიმუში აღებულია ერთ დღეს და ყველის ერთი პარტიიდან.
მონიტორინგის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებენ კომპანია „ქობულეთურშიც“. კომპანია პროდუქციის ნიმუშების გაგზავნას თურქეთის ლაბორატორიაში აპირებს.
საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში კვების პროდუქტების კონტროლი მუდმივმოქმედ პროცესს წარმოადგენს.
„ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროდუქტები ამოიღო რაციონიდან და მოხდა დღიური მენიუს გადანაწილება იმგვარად, რომ კალორაჟი არ დარღვეულა, ეს პროდუქტები ჩანაცვლდა ცილოვანი პროდუქტით. ამასთანავე, სააგენტომ მიმართა კომპანია „ნილს“, რომ მოიძიოს სხვა მიმწოდებელი და წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ პროდუქტი პასუხობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ – დაკავებულია ერთი პირი >>
რაც შეეხება კონკრეტული ლაბორატორიისადმი უნდობლობასა და პრეტენზიებს, ეს არის დავა ორ მხარეს შორის, რომელშიც საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო არ ერევა, აღნიშნავენ უწყებაში.
საკითხის არსი
თბილისის საბავშვო ბაღებში კვების რაციონი და პროდუქტების ხარისხი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.
გასულ წელს კომპანია „ნილის“ მიმართ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ კომპანია დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება, სხვები კომპანიის ხელმძღვანელობის გავლენიანი კავშირების შესახებ წერდნენ, რისი წყალობითაც ის სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებდა. კომპანიაში ყველა ეს ხმები კატეგორიულად უარყვეს.
დაარსებიდან კომპანია „ნილი“ პურფუნთუშეულის წარმოებით არის დაკავებული, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს კვებით უზრუნველყოფს.
2015 წლიდან კომპანია მთაწმინდის, ისნის, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონების უფასო სასადილოებს კვების პროდუქტებით ამარაგებდა, რის შედეგად 12 ათასამდე ბენეფიციარი სადილობდა.
რა ცვლილებები შევიდა თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების რაციონში >>
დღეისათვის კომპანია აღჭურვილია უახლესი აპარატურით, თანამედროვე გერმანული ღუმელებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს ISO. კომპანიაში 100-მდე კვალიფიციური თანამშრომელია დასაქმებული.