სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ – დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამტრედიაში მომხმარებლის მოტყუების, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბავშვო ბაღებში მავნე პროდუქტების შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს>>>

გამოძიებამ გაარკვია, რომ ბრალდებულს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.

ხორცის ხარისხის შემოწმება - Sputnik საქართველო
ცხენის ხორცი ბაზრებსა და საბავშვო ბაღებში: სეს–მა რამდენიმე კომპანია დააჯარიმა

ფინანსური პოლიციის ცნობით, კომპანია ვალდებული იყო, საქონლის ხორცის შეტანისას მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა. ნაცვლად ამისა, ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინარულ მოწმობებს (ე.წ. ფორმა N2) და ბაღებში ხორცი გაყალბებული დოკუმენტაციით შეჰქონდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ნაცვლად საქონლის ხორცისა, ნაწილობრივ შეტანილი იქნა ცხენის ხორციც", – აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 219-ე („მომხმარებლის მოტყუება"), 210-ე („ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება") და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით („ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება") მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ორიდან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0