თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს–ი) ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად სააგენტოს მიერ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები.
უწყების ცნობით, უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია.
ასევე, დადგინდა, რომ სატრედიაში შპს „ელენიკო“ საბავშვო ბაღებს ცხენის ხორცით ამარაგებდა.
ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა. უწყების ცნობით, მაშინ აღნიშნული ხორცით 24 საბავშვო ბაღი მომარაგდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ბაღებში ბავშვთა კვების რაციონისთვის შეტანილი ხორცის წარმომავლობა, შეამოწმა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ ხორცი ცხენის იყო და არა საქონლის.
„საბედნიეროდ, არც ერთი ბავშვის მოწამვლა ან სხვა რამე გართულება არ დაფიქსირებულა. ხორცის მომწოდებელ შპს „ელენიკოსთან“ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ კონტრაქტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, კომპანია 20 ათასი ლარით დაჯარიმდა“, – განაცხადა სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ შპს „ელენიკოსთან“ კონტრაქტი შეწყვიტა. გარდა ამისა კომპანია 20 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ბათუმში დამზადებულ ბლინებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა: კომპანია მომწოდებლის დაჯარიმებას ითხოვს>>
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.