ეს ხუმრობა არ არის: რა შეიცვლება საქართველოში 1 აპრილიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 აპრილიდან საქართველოს მოსახლეობას საპენსიო დანაზოგის, გარემოს დაცვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სფეროებში ცვლილებები ელოდება.

იმისათვის, რომ მოქალაქეები ცვლილებებს მოუმზადებლები არ შეხვდნენ, „Sputnik-საქართველო“ მკითხველს სთავაზობს იმ სიახლეების ნუსხას, რომლებიც ძალაში დღეიდან შედის.

პენსია შეიძლება არც დავაგროვოთ

1 აპრილიდან საპენსიო სისტემიდან გამოსვლა შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც 2018 წლის 6 აგვისტოდან შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. მსურველებმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს.

Хинкали - Sputnik საქართველო
ევროპის სურსათის სააგენტომ (EFA) ხინკალზე ლიცენზია შეისყიდა

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში აღარ მონაწილეობს.

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა. დაგროვებითი პენსია სავალდებულოა მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის. დანარჩენებს აქვთ არჩევანის უფლება.

არა პლასტიკს

კანონის თანახმად, 1 აპრილიდან პოლიეთილენის პაკეტებს საქართველოს არც ერთ მაღაზიაში აღარ გასცემენ. ცვლილებები შეტანილია „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ ტექნიკურ რეგლამენტში. წესების დარღვევის შემთხვევაში სუბიექტები 500 ლარით დაჯარიმდებიან, მათი საქონელი კი კონფისკაციას დაექვემდებარება. წესების ხელმეორედ დარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ცვლილებები მიზნად ისახავს არახრწნადი ნარჩენების შემცირებასა და გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.

ადამიანები - Sputnik საქართველო
ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლა

ნარკოლოგიური ტესტირება ადგილზე

დღეიდან პოლიცია სპეციალური აპარატის მეშვეობით მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზევე ჩაუტარებს. ამ დრომდე მძღოლებს ლაბორატორიაში მისვლა და ანალიზების ჩაბარება უწევდათ. 

გარდა ამისა, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლებრივი დანაშაული გახდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში შემდეგნაირად დაისჯება:

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია – თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 5 წლამდე;

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია – თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6 წლამდე;

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია – თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 9 წლამდე;

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია – თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 11 წლამდე.

ავტომობილების მოძრაობა სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ხვალიდან დასჯადი ხდება

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

1 აპრილიდან საქართველოში ამოქმედდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც, ქვეყნის მთავრობის პროგნოზის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით, იმის გამო, რომ ბანკი კრედიტებს არ გასცემს, ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება და ქაღალდზე რჩება.

ამიტომ თუ კომპანიას კარგი ფინანსური მაჩვენებელი და ბიზნეს-გეგმა აქვს, მას განიხილავენ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში ჩართვის მიზნით. ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ აღებული კრედიტის 70%-ის გარანტორად სახელმწიფო გამოდის.

მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისთვის 2019 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარის გამოყოფა.

ყველა ახალი ამბავი
0