ვერდის ნაცვლად შალახო, ანუ აილირპა ილევრიპ სეღდ

CC0 / Pixabay / Free-Photos / ქალები მანქანის ძარაზე
ქალები მანქანის ძარაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდიან-პატარიანად ტყუილზე ისე ვართ გავარჯიშებული, რომ არა მგონია, დღეს ბევრი თქვენგანი მოტყუებულიყო, და მაინც...

გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რამდენად ადვილად ვტყუვდებით და ყველაზე მეტად რა სახის ტყუილს ვიჯერებთ ხოლმე, ამისთვის მხოლოდ ორი კითხვა დავსვით:

– რომელია ტყუილი, რომელსაც ვერ დაიჯერებთ? 

– ტყუილი, რომელსაც სიამოვნებით დაიჯერებთ?

ამას გარდა რესპონდენტებს ვთხოვეთ, რომ ამ თემაზე სახალისო ამბები გაეხსენებინათ. თავიდან სოციალურ ქსელებს გადავხედეთ და ვნახეთ, რომ უმრავლესობა დილიდან ბუნების სააპრილო „კლიმატურ აფერისტობას“, ანუ თოვლის მოსვლას აღნიშნავს.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – „ე.ი. სრულიად ერს თოვლი ენატრებოდეს და მაინცდამაინც პირველ აპრილს გაუთოვლდეს, ნიშანდობლივია და რა გინდა რომ ქნა?!“

გაცინებული ადამიანები - Sputnik საქართველო
მოტყუების დღედ ქცეული 1 აპრილი: ვიდეოპრანკები „სულელებისთვის“

გოდერძი გარაყანიძე – თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი:

– რომელ ტყუილს არ დავიჯერებ? – როცა იმ ამბავზე სიმართლეც ვიცი... სიამოვნებით დავიჯერებ ტყუილს, თუკი მას არა აქვს ბოროტი განზრახვა და მაცდური ქვეტექსტები. რაც შეეხება საპირველაპრილო ოინებს, მას ორკესტრის მუსიკოსებიც ვაწყობთ ხოლმე. მაგალითად, „კარმენის“ რეპეტიციის დროს, როცა დირიჟორი ხელს აიქნევს ხოლმე, ორკესტრი „შალახოს“ დასცხებს. ზოგჯერ ამ ხუმრობას დირიჟორიც უერთდება, არ ჩერდება და დირიჟორობას სიცილით აგრძელებს.

ცნობილი არტისტის, ქართლოს კასრაძის ქალიშვილს ვთხოვეთ, რომ მამის რომელიმე სახალისო ტყუილი გაეხსენებინა.

გურანდა კასრაძე: ერთხელ მამამ რომელიღაც ჟურნალის კორესპონდენტს მისი ფოტოს ნაცვლად ალენ დელონის ფოტო გაუგზავნა – ეს მე ვარ ახალგაზრდობაშიო. როცა ეს ფოტო დაიბეჭდა, მამას მთელი თვე ურეკავდნენ და გაოცებული ეუბნებოდნენ, რა ლამაზი ბიჭი ყოფილხარ და რატომ არ გვახსოვდაო...

საპირველაპრილო საჩუქარი BMW-სგან - Sputnik საქართველო
საპირველაპრილო აქცია „მოდით თქვენი ძველი ავტომობილით და მიიღეთ სრულიად ახალი BMW“

თამარ ნიკურაძე - მწერალი, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი:

– რომელ ტყუილს დავიჯერებ? – სიამოვნებით დავიჯერებ, ვინმემ რომ მითხრას, შენ ფონდში მილიარდები ჩაგირიცხეო.

– ერთ-ერთი პირველი აპრილი მახსენდება: დილიდან დავპოსტე ჩემი სტუდენტების მისამართით, რომ დღეს ლექციები არ იქნება, პოსტის ბოლოს კი დავურთე, მართლა არ დაიჯეროთ, ეს საპირველაპრილო ხუმრობაა–მეთქი. იმ დღეს ლექციაზე მხოლოდ ერთი სტუდენტი მოვიდა, ის აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც ჩემი პოსტი ბოლომდე წაიკითხა. ასე გავხდი საკუთარი ტყუილის „მსხვერპლი“.

ანა კოლი (შიმშილაშვილი) – კომპანია „ენ ჯი თრეველის“ კომპანიონი:

– მე ვარ ის ქალი, რომელსაც თუ მამაკაცი სიყვარულში უტყდება, ძნელად სჯერა. არ მჯერა კომპლიმენტებისაც, რადგან მგონია, რომ სულ  ფარისევლობენ. საერთოდ არ მიყვარს ტყუილი, არც თეთრი, არც შავი და ვერ ვიტან პირველ აპრილს. მიუხედავად ამისა, დღეს ექსპერიმენტი ჩავატარე და დილით ჩემს ბიზნეს-პარტნიორს „სერიოზულად“ გამოვუცხადე, რომ ხვალიდან ერთი კვირა ხაზზე არ ვიქნებოდი, მერე კი გავდიოდი ბიზნესიდან და ჩემი წილი უნდა გამეჩუქებინა. ამ დროს ერთად ვიყავით ოთხი ადამიანი. ჩემი ბიზნეს-პარტნიორი ჯერ გათეთრდა, მერე გაშავდა, ბოლოს ხმა და ფერი ერთდროულად დაკარგა და ძლივს მითხრა, არ გაქვს გაჩუქების უფლებაო. მაშინ ვყიდი–მეთქი. მხოლოდ მე მაქვს შესყიდვის უფლება და არ ვყიდულობო! როგორც ჩანს, მან უცებ ვერ გაიხსენა, რომ დღეს პირველი აპრილია. მოკლედ, რომ არა ჩვენი ორი მეგობარი, რომლებმაც სასწრაფოდ შეახსენეს ეს თარიღი, ამ ამბავს სერიოზული შედეგი მოჰყვებოდა... ხომ გითხარით, ტყუილებს ვერ ვიტან და ამიტომ ჩემი სააპრილო ხუმრობა-ტყუილიც კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა.

საპირველაპრილო ხუმრობა - Sputnik საქართველო
რამდენი ადამიანი გაება ტყებუჩის ხაფანგში

ნანუკა ჩხეიძე – ხელოვანი:

– სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ ჩვენ გარშემო სამყარო გაკეთილშობილდა.

– ვერ დავიჯერებდი, რომ ოდესმე ჩემი საყვარელი ფერის, ანუ ცისფერი თოვლი მოვა. თუმცა გალაკტიონი თავის ერთ ლექსში იისფერ თოვლს ახსენებს.

რაც შეეხება ამბავს: ერთხელ ჩემს კლიენტს მივწერე, მაჯის ზომა გამომიგზავნე სამაჯურისთვის–მეთქი. მან მომწერა, სანტიმეტრი არ მაქვსო და... საკუთარი მაჯის ფოტო გამომიგზავნა. ამ ამბავზე ვიცინე, არადა, იმ დღეს პირველი აპრილი სულაც არ ყოფილა...

მაია ცომაია – რადიო „საქართველოს ხმის“ ჟურნალისტი:

– დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია – ანუ სულელების დღეა. მეგობრობაში მოსული „პონტია" საპირველაპრილო ტყუილი, თუმცა მედიის მხრიდან ასეთი რამ კორექტულად არ მიმაჩნია. მახსენდება შემთხვევები, როცა ამ დღეს აურზაურის გამო რეალურად მომხდარი ამბებიც არ დაუჯერებია ხალხს. არ მიყვარს ტყუილი და რადგან იციან ჩემი დამოკიდებულება, არ მახსენდება შემთხვევა, როცა პირველ აპრილს ვინმეს ტყუილი ჩემი მისამართით გამოეყენებინოს.

საშა გველესიანი – პოეტი:

„აპრილის პირველს შევნატრი

და როცა ინათლებს

(მახსოვს რამდენჯერ წელს სიცრუის

მომხვდა მე ტყვია)

მწამს, დღემდე, ვინც კი, მაჩეჩებდა

ტყუილ სიმართლეს,

დღეს, პირველია, მართალ ტყუილს

მაინც მეტყვიან“.

ლიტერატურა - Sputnik საქართველო
საპირველაპრილო ტესტი: მჯერა-არ მჯერა, ანუ შეამოწმეთ ცოდნა

თენგიზ მალანია – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი, 1975 წლიდან საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული კინორეჟისორი:

– ეს ამბავი ათეული წლების წინ, ერთ-ერთ პირველ აპრილს მოხდა. ახალი მისული ვარ ტელეფილმებში. ზაფხულში უნდა გადაგვეღო ბიოგრაფიული ფილმი საოპერო მომღერალზე ბათუ კრავეიშვილზე. პირველი გადაღება მის სახლში იყო, რომელიც ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობდა. სანამ გადასაღები ჯგუფი ზემოთ ავიდოდა, მე ქვემოთ დავრჩი და ბიჭებს მითითებებს ვაძლევდი, თუ როგორ აეტანათ აპარატურა. როდესაც ზემოთ ავედი, დავინახე სპეციალურად ჩვენთვის გაშლილი დიდი სუფრა. ბატონი ბათუ თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად სუფრის თავში იჯდა და გვერდით ჩვენი ასაკოვანი, ძალიან იმპოზანტური და წარმოსადეგი გარეგნობის მძღოლი ეჯდა. როდესაც შევედი, სუფრის ბოლოში ჩვენ ბიჭებთან მორიდებულად დავჯექი. ბატონმა ბათუმ შესვა მძღოლის, როგორც რეჟისორის სადღეგრძელო. როდესაც სიმართლე გაირკვა, ბატონი ბათუ, რომელსაც იუმორის გრძნობა ჰქონდა, არ დაიბნა და გვკითხა, რაზე იღებთ ფილმს, იმაზე, თუ როგორ უნდა გააშაყიროთ პირველ აპრილს ბათუ კრავეილშვილიო. ასე გამოიყვანა საკუთარი თავი დიდმა მომღერალმა. მან მართლაც ვერ წარმოიდგინა, რომ რეჟისორი მე ვიქნებოდი, რადგან იმ დროს ასეთ თანამდებობაზე ახალგაზრდები არ ინიშნებოდნენ.

მოკლედ, ასეა თუ ისე, თუ ჯერ არავის მოუტყუებიხართ, დღის ბოლომდე მაინც ყურადღებით იყავით. ხოლო თუ რაიმე სასურველი ამბავი სიმართლედ ჩათვალეთ, არ არის პრობლემა, გაიხსენეთ ერთი ქართული სიმღერის სიტყვები: „ჩვენი ცხოვრება პირველი აპრილია, თუ გინდა გჯეროდეს, უნდა დაიჯერო“...

 

ყველა ახალი ამბავი
0