მოტყუების დღედ ქცეული 1 აპრილი: ვიდეოპრანკები „სულელებისთვის“

CC BY 2.0 / Ivan Bandura / Laughing...გაცინებული ადამიანები
გაცინებული ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ზუსტად არავინ იცის, როდის და სად ჩაეყარა საფუძველი 1 აპრილის ტყუილის დღედ ქცევას, თუმცა ფაქტია, რომ მას მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ.

არსებობს მოტყუების, ანუ, როგორც ზოგ ქვეყანაში უწოდებენ, იგივე სულელების, ან სიცილის დღის წარმოშობის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ის სათავეს ჯერ კიდევ ძველი რომიდან იღებს, მეორეთი მისი „სამშობლო“ ძველი ინდოეთია, მესამე და ყველაზე გავრცელებული ვერსიით კი სიცილის დღე საფრანგეთში დაბადებულა.

ამ ბოლო ვარიანტის თანახმად, საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი წლის 1 აპრილის ნაცვლად 1 იანვარს აღნიშვნა ოფიციალურად დაკანონდა. ეს 1564 წელს მოხდა. ასე რომ, იმ წელს ფრანგების აბსოლუტური უმრავლესობა 1 აპრილს საახალწლო საჩუქრების გარეშე დარჩა. სწორედ ამიტომ დაადგინა ხალხმა ის როგორც იმედგაცრუების, ანუ მოტყუების დღედ. იმათ კი, ვინც კალენდარში ცვლილებას არ ეგუებოდა და ახალ წელს კვლავაც აპრილში აღნიშნავდა, დანარჩენები გასამასხრებლად სახუმარო ნივთებს უგზავნიდნენ…

ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, ოღონდ ბევრად დახვეწილ და ტექნოლოგიურად „გაშალაშინებულ“ ფორმებში. საპირველაპრილო „პრანკების“ ნახვა ქვემოთ შემოთავაზებულ ვიდეოში შეგიძლიათ.

და, მაინც, 1 აპრილი სხვა ბევრი მოვლენითაცაა აღსანიშნავ-შესანიშნავი. მაგალითად:

ამ დღეს დაიბადნენ

  • ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობები კარლო საკანდელიძე და ზურაბ ქაფიანიძე;
  • გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი ოტო ფონ ბისმარკი;
  • რუსი კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი;
  • ფრანგი მწერალი ანტუან პრევო;
  • ნობელის პრემიის ლაურეატი, ფიზიკოსი ლევ ლანდაუ.

1 აპრილს ირანი აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს, მალტა – თავისუფლების დღეს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — ოჯახის დღეს. 

ამ დღეს მომხდარა მნიშვნელოვანი მოვლენები:

  • 33 წელს – უკანასკნელი სერობა, პროფესორ კოლინ ჰამფრეისის გამოთვლით;
  • 1918 წელი – თურქებმა დაიპყრეს ბათუმი;
  • 1976 წელი – დაარსდა კომპანია Apple Computer;
  • 2002 წელი – პირველად მსოფლიოში, ნიდერლანდებში დაკანონდა ევთანაზია…

და, მაინც, 1 აპრილი ყველასთვის მაინც სიცილთან, ხუმრობასთან და ხალისთან ასოცირდება. ამიტომ გისურვებთ ბევრ მხიარულებას და გირჩევთ, არ განაწყენდეთ მეგობრებზე, რომლებიც უბოროტოდ შეეცდებიან მოგატყუონ ამ დღეს.

ყველა ახალი ამბავი
0