ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან საერთო ენა გამონახოს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოში ყველაზე გავლენიანი კაცის - ბიძინა ივანიშვილის მოგზაურობა სამეგრელოში. პოლიტიკურმა ძალებმა ხომ უკვე დაიწყეს მზადება ჯერ შუალედური და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისათვის.
მაშ ასე - წილი ნაყარია, გადაწყვეტილება - მიღებული. შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. სავარაუდოდ, მეორე ტური გახდება საჭირო მთაწმინდაზე, სადაც პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, ასევე ზუგდიდში, სადაც მერის პოსტზე წინა მერის დაკავების შემდეგ კენჭს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი იყრის, „ქართული ოცნებიდან“ კი - ყოფილი მერის მოადგილე, გიორგი შენგელია იბრძოლებს გამარჯვებისათვის.
„ქართულ ოცნებას“ რომ ზუგდიდში გამარჯვება პრინციპულად მიაჩნია, ამას პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი აქტივობებიც ცხადყოფს. ის ჯერ სოფელ ხიბულაში ჩავიდა და ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, შემდეგ კი ზუგდიდს ესტუმრა და შეხვდა როგორც ხალხს, ასევე საეკლესიო პირებს და დაპირებებიც მრავლად გაიცა. სხვათა შორის, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი აქტივობები მხოლოდ ზუგდიდის არჩევნებზე არაა გათვლილი და თუ ხელისუფლებამ მაისის არჩევნებზე კარგი შედეგები აჩვენა, გამორიცხული არაა, შემოდგომაზე მართლაც დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ამ შემთხვევაში კი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. სხვათა შორის, პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები სერიოზულ პრეტენზიებს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში გამსახურდიას კაბინეტი არ არსებობს. ხიბულაში კი მისი მუზეუმის მშენებლობას და გახსნას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.
გამსახურდიას თანამებრძოლები არიან როგორც„ ქართულ ოცნებაში“ - მაგალითად ზვიად ძიძიგური, ასევე ნაციონალურ მოძრაობაში. თუმცა ეს ადამიანები, როგორც ჩანს, უფრო ოპოზიციისაკენ გადაიხრებიან, რადგან კონსტანტინე გამსახურდია უფრო კრიტიკული განწყობებით გამოირჩევა ისევე, როგორც ცოტნე გამსახურდია და მათი გულის მოგებას ხელისუფლება ასე მარტივად ვერ მოახერხებს. ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით, სანამ ხელისუფლებას მრჩევლებად და დამცველებად გოგა ხაინდრავა და ნანა კაკაბაძე ჰყავს, ზვიადისტები მის მხარეს არ დადგებიან.
ტრაგიკული ბედის მქონე საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 80 წლის გახდებოდა. ჯერ კიდევ გამოუძიებელია მისი ტრაგიკული გარდაცვალების საქმე. იმედია, რომ საქართველოში ძმათა შორის სისხლისღვრა და სამოქალაქო დაპირისპირება არასოდეს განმეორდება. ხელისუფლების ცვლილებები კი ყოველთვის არჩევნების გზით, მშვიდობიანად განხორციელდება.