პარკური - ხელოვნება თუ სპორტი: ქართველი ტრეისერის ექსტრემალური ცხოვრება

© photo: courtesy of Sandro Ilarianiსანდრო ილარიანი
სანდრო ილარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარკური — ეს არის დაბრკოლებათა დაფარვისა და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი ძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთან, ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად.

საქართველოში პარკური არც ისე აქტუალურია და  ბევრი მიმდევარი არ ჰყავს. თუმცა ჩვენ ვიპოვეთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ტრეისერი, რომელიც გვესაუბრა აქტუალურია თუ არა საქართველოში პარკური, რამდენად სახიფათო მიმართულებაა და რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა ტრეისერმა.

სანდრო ილარიანი  20 წლისაა, ცხოვრობს თბილისში. პარკურით ცხრა წლის ასაკში დაინტერესდა, თუმცა მაშინ ეს მისთვის უბრალოდ გასართობი იყო. თავდაუზოგავი ვარჯიშის, საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ სასურველ შედეგს მიაღწია და უკვე პროფესიულ დონეზე ფლობს პარკურის ხელოვნებას.

- ერთ დღესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვუყურე ფილმს, „იამაკასი“, სადაც ახალგაზრდები ადიან ცათამბჯენებზე, სიმაღლიდან აკეთებენ საოცარ ნახტომებს, ფაქტიურად დაფრინავენ. სწორედ ეს ფილმი გახდა ჩემი პარკურით გატაცების მიზეზი.

© photo: courtesy of Sandro Ilarianiსანდრო ილარიანი
პარკური - ხელოვნება თუ სპორტი: ქართველი ტრეისერის ექსტრემალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
სანდრო ილარიანი

- როგორ დაეუფლეთ ამ ხელოვნებას?

- როგორც სხვა ათლეტები, მეც ბევრს  ვვარჯიშობდი და დაუღალავად ვშრომობდი.  რაც მთავარია ყოველთვის ვითვალისწინებდი ჩემზე გამოცდილი ტრეისერების რჩევებს და მათთან ერთად ვვარჯიშობდი.

- ალბათ ამ ხნის მანძილზე მარცხიც ბევრჯერ განიცადეთ...

- დიახ, მარცხის გარეშე ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს.  ვარჯიშის დროს ხშირად მიმიღია ტრავმა. თითოეულმა მათგანმა  იმოქმედა ჩემზე,  განსაკუთრებით ბოლო ტრავმამ. ცეკვის ილეთს ვიხსენებდი და დასრულებისას მუხლი ჩამეკეცა საპირისპირო მხარეს. თუმცა სერიოზული და გამოუსწორებელი ტრავმა არ მიმიღია. მალე ყველაფერი კარგად იქნება.

© photo: courtesy of Sandro Ilarianiსანდრო ილარიანი
პარკური - ხელოვნება თუ სპორტი: ქართველი ტრეისერის ექსტრემალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
სანდრო ილარიანი

- დღეს რა დონეზე ფლობთ პარკურს?

- უკვე პროფესიულ დონეზე ვფლობ პარკურს. იცით დღევანდელი ჩემი შედეგით არა მარტო მე, არამედ უკვე ყოფილი ან დიდად გამოცდილი ტრეისერებიც ამაყობენ. არაერთი კომპლიმენტი მსმენია ძველი და ახალი თაობისგან, მაგრამ ჩემი აზრით ჯერ სასურველი შედეგი არ დამიდია. წინ ჯერ აზია და შემდეგ ევროპა მელოდება. 

- თქვენი მშობლები, ოჯახის წევრები, როგორ შეხვდნენ თქვენს გატაცებას? ხომ არ ეშონოდათ?

- ეშინოდათ? დღემდე ეშინიათ, მაგრამ გარკვეული ნაბიჯების შემდეგ უკვე მგულშემატკივრობენ.

- ძალასთან ერთად, რა უნარებია საჭირო, რომ ამ ხელოვნებას დაეუფლო?

- პლასტიკა, ამტანობა, მოთმინება, გამჭრიახი გონება და წარმოსახვის უნარი, ეს ძირითადი უნარებია რაც ყველა ტრეისერს უნდა ქონდეს.

© photo: courtesy of Sandro Ilarianiსანდრო ილარიანი
პარკური - ხელოვნება თუ სპორტი: ქართველი ტრეისერის ექსტრემალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
სანდრო ილარიანი

- თბილისში პარკურითვის რა ზონებს იყენებთ?

- მე პირადად ძალიან მიზიდავს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მოპირდაპირე მხარეს ვარჯიში  და ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორია, უფრო მეტად აბანოთუბანი, და მის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორია.

- ყველაზე სახიფათო მომენტი თუ გახსენდებათ?

-  გასულ წელს ჩინეთში ვიყავი მეგობრებთან ერთად.  დაახლოებით 40 სართულიან კორპუსზე  ვიყავით მე და ჩემი ორი მეგობარი, როცა ერთ-ერთმა გადაწყვიტა სახურავის კიდეზე ხელებით დამდგარიყო, რაც გამოუვიდა კიდეც, მაგრამ იმ მომენტში მის მაგივრად მე მეშინოდა. ვაღიარებ იყო მომენტი, როცა ლამის გადავარდა კიდეც, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 

© photo: courtesy of Sandro Ilarianiსანდრო ილარიანი
პარკური - ხელოვნება თუ სპორტი: ქართველი ტრეისერის ექსტრემალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
სანდრო ილარიანი

- საქართველოში რამდენად არიან დღეს ახალგაზრდები პარკურით დაინტერსებული და ძირითად რა ასაკის არიან ეს ადამიანები?

- არც ისე ბევრნი ვართ. ჯამში 150 ტრეისერია, შეიძლება 200-იც იყოს. საშუალო ასაკი კი დაახლოებით 14–17 წელია.

- რამდენად სახიფათო მიმდინარეობაა და რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა ტრეისერმა?

- პარკური  ძალიან სახიფათო მიმდინარეობაა, რადგან არ ვართ დაზღვეული, რომ უბრალო ვარჯიშის დროს რამეს არ დავიზიანებთ. ამ დროს  ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ტრეისერებმა, მაგრამ პირველ რიგში ყველას ვურჩევ, ვარჯიშის წინ გახურდნენ, გაიწელონ, მოემზადონ ფიზიკურად და თუ დარწმუნებულები არ იქნებიან საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტს ნუ გარისკავენ და დაუჯერონ უკვე გამოცდილ ტრეისერებს.

- ახლა თქვენი ცხოვრების რა ეტაპზე ხარ და მომავალში სად ხედავთ თქვენს თავს?

- ამჯერად  ვემზადები ჩინეთში წასასვლელად  და გაზაფხულის ბოლოდან  უკვე დავიწყებ ვლოგერობას  პარკურისა და ფრიფანინგის განხრით.  ამავდროულად  დავიწყებ მომზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის კერძოდ Redbull art of motion-თვის, რაც ჩემი  დიდი ოცნებაა. უკვე მეორე წელია ვოცნებობ იქ წასვლაზე, რათა გავიცნო მსოფლიოს ათლეტები  და სამომავლოდ თავადაც გავხდე ათლეტი უკვე ოფიციალურად, როგორც არიან  ჯეისონ პაული, დომ ტომატო, პაშ პეტკუნსი, ალექსანდრე ტიტარენკო, დიმიტრი DK და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0