ზაზა ფაჩულიას ჩემპიონის ბეჭედი გადასცეს

გამოწერა
ქართველ კალათბურთელს ჯილდო „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ შემადგენლობაში შარშან მოპოვებული გამარჯვებისთვის გადაეცა

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ამჟამად „დეტროიტ პისტონსის“ ცენტრ ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი გადაეცა.

საზეიმო ცერემონია „ორაკლ-არენაზე“ „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ და „დეტროიტ პისტონსს“ შორის NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩის წინ შედგა. ფაჩულიას ჩემპიონის ბეჭედი „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ შემადგენლობაში შარშან მოპოვებული გამარჯვებისთვის გადაეცა.

ქართველ კალათბურთელს ჯილდო გადასცა ფაჩულიას ყოფილმა გუნდელმა და ახლო მეგობარმა კლეი ტომპსონმა. ყოფილი გუნდელების მილოცვას „უორიორზის“ სტადიონის ტრიბუნებზე ათასობით გულშემატკივარი შეუერთდა.

„ჩემთვის იყო პრივილეგია „ორაკლ-არენაზე“ თამაში. აქ თითოეული თამაში შესანიშნავი იყო, ხოლო პლეი-ოფის მატჩებში - საერთოდ გამაოგნებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ დეტროიტშიც გადავსებული ტრიბუნების წინაშე პლეი-ოფებში ვითამაშებ“, - განაცხადა ფაჩულიამ დაჯილდოების შემდეგ.

35 წლის ფაჩულიასთვის ეს საჩემპიონო ბეჭედი კარიერაში მეორე გახდა. 2017 წელს, ასევე „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ შემადგენლობაში, ქართველმა ცენტრმა NBA-ს ჩემიონატი მოიგო და ისტორიაში პირველი ქართველი გახდა, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ზაზა ფაჩულია თავისივე სახელობის მოედანზე სტრითბოლს თამაშობს - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულიამ თბილისში თავისი სახელობის კალათბურთის მოედანი გახსნა

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ფაჩულიამ დატოვა „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ და კონტრაქტი „დეტროიტ პისტონსთან“ გააფორმა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს „უორიორზსა“ და „დეტროიტს“ შორის, ის მასპინძლის გამარჯვებით ანგარიშით 121:114 დასრულდა. ფაჩულიამ პარკეტზე 13 წუთი გაატარა, დააგროვა 4 ქულა, 4 პასი გადასცა და ორი მოხსნა გააკეთა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი კვირით ადრე „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო „დეტროიტი“ - მეშვიდეს აღმოსავლეთ კონფერენციაში.

ყველა ახალი ამბავი
0