სტოლტენბერგმა ნატოში საქართველოს შესვლის თარიღი კვლავ არ დაასახელა

© photo: Sputnikნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში რიგით მეორე ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ტრადიციულად არ დაუზუსტებია, როდის შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა ამ სამხედრო ბლოკის წევრი

სტოლტენბერგი საქართველოს კვირას ესტუმრა და დააკვირდა ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს, რომელიც 18-29 მარტს „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ (JTEC) მიმდინარეობს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ქვეყანაში გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

განსაკუთრებული პარტნიორი

სტოლტენბერგმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა მამუკა ბახტაძესთან, შემდეგ კი მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„საქართველო ნატო-სთვის უნიკალური პარტნიორია. გასულ წელს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს. ძალაში რჩება 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. თქვენი ქვეყანა ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ თქვენ ყველაზე დიდი წვლილი შეგაქვთ ორგანიზაციის საქმიანობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა შეაქო თბილისის გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ „საქართველო საგრძნობლად წინ წაიწია მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კუთხით“ და „ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებისკენ“ მოუწოდა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველოს შანსი არა აქვს გახდეს ნატოს წევრი

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა, რომ ალიანსი შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ძალების არსებობით დაინტერესებულია.

„თანამშრომლობა გაძლიერდება ყველა მიმართულებით - სამხედრო ძალები საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში... ამ პოზიციაზე ჩემი ყოფნის პერიოდში საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები გააქტიურდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის განმავლობაში ის ესტუმრა „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს“, რომელშიც ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნების მიზანია ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შეთავსებადობის ამაღლება, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება.

თბილისი მადლობელია

ნატოს გენერალური მდივნის ტრადიციული განცხადებების საპასუხოდ ქართველი პოლიტიკოსები ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობის ტრადიციული სიტყვებით გამოვიდნენ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ქართველი ერის არჩევანი, ეს გახლავთ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია

„ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძლიერი გზავნილები, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციიდან სტოლტენბერგი გაემართა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად.

„ჩემთვის სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო თქვენთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები... ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაფრთხილება რუსეთის მხრიდან

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა

ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი „ღიაა საქართველოსთვის“, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების თარიღები არ სახელდება.

თებერვლის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააფრთხილა საქართველო გარკვეული „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ, რომელსაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის ნატოში შესვლის შემთხვევაში.

„უკრაინისა და საქართველოს ნატოს სამხედრო ორბიტაზე ჩართვის მისწრაფებების“ მოსალოდნელ შედეგებზე არაერთხელ გააფრთხილა თავისი კოლეგები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, მსგავსი „უპასუხისმგებლო პოლიტიკა“ რუსეთს საფრთხეს უქმნის.

რუსეთის პრეზიდენტის თვალსაზრისით, ევროპაში გაფართოებაზე ორიენტირებული ნატოს კურსი „ცივი ომის“ გადმონაშთს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0