თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ ბათუმში პირველად 31 მარტს გაიმართება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
ფესტივალის მთავარი მიზანია - ტურიზმის გამოწვევებისა და შესაძლებლობებზე მსჯელობა ბიზნეს-პრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგის, კულინარიის შესწავლისა და ანალიზის გზით.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ტურისტული ფორუმი, საუბრები ტურიზმზე, რეგიონული კულინარიის და სტარტაპების გამოფენები.
„ტურიზმის ინსტიტუტის“ და ფესტივალ „ტურისტერის“ ინიციატივით მომავალში საუკეთესო იდეების გამოვლენა და მათი დაფინანსება იგეგმება. ფესტივალის ვებგვერდზე იდეების კონკურსი უკვე გამოცხადდა. შეიქმნება იდეების ერთგვარი ბანკი, რომელსაც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს გააცნობენ.
ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტის“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროდუქტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში სპეციალისტები ისაუბრებენ სამ ძირითად მიმართულებაზე - ეს არის საკანონმდებლო რეგულაციები, ტურიზმის პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებები.
ფესტივალის ერთ-ერთი მიმართულება აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაცია გახდება. „ტურიზმის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ აჭარულ სამზარეულოს დიდი პოტენციალი გააჩნია და საჭიროა მისი სწორად დანახვა და გამოყენება.
სპეციალისტები შოკში არიან: „ზღვის ეშმაკი" საქართველოს სანაპიროებთან >>
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნაკლებად ცნობილი ლაზური, ასევე მაღალმთიანი აჭარის კულინარული პროდუქტები.
„ტურიზმის ინსტიტუტი“ 2017 წელს შეიქმნა. ეს არის აპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარ მიზანს ქართული ეკონომიკის, კერძოდ ტურიზმის ხელშეწყობა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.