თბილისის ავტობუსები ახალი მარშრუტებით იმოძრავებს

გამოწერა
თბილისში მიკროავტობუსების ფუნქციონირების საჭიროების შემთხვევაში, მათ ახლებით ჩაანაცვლებენ, განაცხადა მერმა

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. უახლოეს მომავალში თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალ სატრანსპორტო ქსელზე ეტაპობრივ გადასვლას დაიწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ლაივის დროს, როდესაც ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობდა.

2019 წელს დედაქალაქს ექნება ავტობუსების ხაზების მოწყობის დეტალური პროგრამა, რომელზეც ფრანგული კომპანია Sistra მუშაობს. თბილისის მერია გეგმავს 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფნის მოწყობას, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით იქნება დატვირთული. 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ბასლაინები, რაც, კერძო ტრანსპორტთან შედარებით, გადაადგილების დროს შეამცირებს.

გამოყოფილი ზოლები ავტობუსებისთვის

„იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც თბილისში ხორციელდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები. ალბათ, ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ავტომობილით დგახარ საცობში და სპეციალურ ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება უპრობლემოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს სწრაფი და კომფორტული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო უფრო კომფორტული ხდება

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოს ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსებიც არასასურველ მდგომარეობაშია.

„კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. თუ ჩვენ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ ისინი განახლდეს და ჩანაცვლდეს ახალი ტრანსპორტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის კონკურენცია არ იქნება

ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის არეალები უნდა გაიზარდოს.

„ამ დროს, ცენტრალურ ქუჩებზე ერთმანეთის კონკურენციაში არიან მიკროავტობუსები და ავტობუსები. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიზანია, მოხდეს ქსელის ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი იყოს აგებული არა კომერციულ ინტერესზე, არამედ მგზავრის კომფორტზე“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნის გაზრდა მიიღწევა როგორც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციის, ისე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

საქართველოში ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა დასახელდა >>

„უახლოეს პერიოდში ქალაქში დაიწყება რეფორმა. ეტაპობრივი გადასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ ქსელზე. მიკროავტობუსებს, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, რომელსაც გვაწვდის ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, აქვს გარკვეული ადგილი, მაგრამ ძალიან მცირე და ძირითადად, შიდა საუბნო დონეზე. ძირითადი ტრანსპორტი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრება და ეს იქნება ავტობუსები და მეტრო“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამი მიმართულება

გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციას გულისხმობს.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია

სხვა ყველაფერთან ერთად, გენგეგმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ახალ სქემას ითვალისწინებს. ის დაიყოფა სატრანზიტო, რაიონულ და ლოკალურ სახეობად.

სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო და ავტობუსი) ფუნქციაში იგულისხმება სწრაფი და ეფექტური კავშირი ქალაქის ერთმანეთისგან დაშორებულ წერტილებს შორის და ქალაქში გადაადგილების მობილობის უზრუნველყოფა.

რაიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოცანა იქნება რაიონის შიგნით, ასევე მეზობელ რაიონებს შორის საშუალო მანძილებზე მგზავრების ტრანსპორტირება, ასევე სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კალაძემ თბილისის მეტროს ერთ-ერთი სადგური დაიწუნა >>

ლოკალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოცანას წარმოადგენს მგზავრების გადაყვანა მოკლე მანძილებზე, რთული რელიეფის ადგილებში და ისეთ არეალებში, სადაც ტრანსპორტზე დაბალი მოთხოვნა არსებობს; ასევე რაიონული ან სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ყველა ახალი ამბავი
0