თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკთან, TBC Bank-თან არანაირი პრობლემა არ არსებობს, ეჭვქვეშ მხოლოდ ფიზიკური პირები დგანან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-გვერდეზე პირდაპირ ჩართვაში.
TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთი ადამიანი ტოვებს>>>
TBC Bank-ი („თიბისი ბანკი“) საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.
TBC Bank-ის საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.
„ჩვენ არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე TBC-ის გარშემო არ არსებობს. ამის შესახებ არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. TBC-იმ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, ეს საქმე და ეს პრობლემა ამოწურულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თებერვლის ბოლოს TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭომ ლონდონში, რომელიც ქართულ ბანკ TBC-ის ფლობს, ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტისა და მისთვის ჯარიმის სახით 1 მლნ ლარის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, საკუთარი თანამდებობები დატოვეს TBC Bank-ის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ.
ამ გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკი კმაყოფილი დარჩა. აღნიშნული განცხადების თანახმად, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ინვესტორთა ნდობას.
TBC Bank-ის საქმე - რისთვის დასჭირდა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი>>>
ეროვნული ბანკის ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები, ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც TBC Bank-ის 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
ამჯერად საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციასთან დაკავშირებით, რომელშიც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ“.
„ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, რომ მოხდეს დაკავშირება TBC-ის სახელთან ამ ყველაფრის. TBC Bank-იარის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მას ჰყავს ძლიერი ინსტიტუციური ინვესტორები და მას აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში და მის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ბახტაძემ.
TBC Bank-ი1992 წელს დაფუძნდა და ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი ბანკია. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა და მისმა აქციებმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგი გაიარეს.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბანკის აქტივებმა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების საერთო მოცულობის 38,2%-ს შეადგენს, ხოლო ბანკის დეპოზიტები ქვეყნის საბანკო სისტემის დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2%-ს შეადგენს.